პროტესტის ბირთვი არის 10-20 „ენჯეო“, რადგან მათ აქვთ დასამალი ფინანსები, ამ 20 „ენჯეოს“ ყოველწლიურ დეკლარაციას ლამის გადააყოლონ ყველაფერი - პაპუაშვილი

18 აპრილი 2024, 12:59 409 ნახვა

რა არის პრობლემა, რომ ფინანსური დეკლარაციები შეავსონ და საჯარო გახადონ საზოგადოებისთვის, ხომ ამბობენ, რომ სიკეთისთვის აკეთებენ და აჩვენონ ეს სიკეთე, რატომ მალავენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საგადასახადო კოდექსი არაფერ შუაშია გამჭვირვალობასთან და ეს არის მანიპულაცია, რომელიც ისმის „ენჯეო“ სექტორიდან.

„ეს არის ყველაზე დიდი მანიპულაცია, რასაც „ენჯეო“ სექტორიდან ამბობენ. საგადასახადო კოდექსი საერთოდ არაფერ შუაში არ არის გამჭვირვალობასთან. როდესაც ისინი საუბრობენ, მათ შორის რომ საშემოსავლო გადასახადს იხდიან, არანაირი კავშირი ამას გამჭვირვალობასთან არ აქვს. ეს არის საბიუჯეტო საფინანსო საკითხი, რომელიც დაცულია, მათ შორის, ყველა ქვეყანაში და საქართველოშიც საგადასახადო საიდუმლოებით, რომელზე წვდომაც აქვს მხოლოდ რამდენიმე ინსტიტუციას თუ ადამიანს, რომელიც საგადასახადო საკითხებშია ჩართული. გამჭვირვალობა გულისხმობს არა საფინანსო ვალდებულებების გასტუმრებას, გამჭვირვალობა გულისხმობს საჯაროობას საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას საგადასახადო ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს და ვერც ექნება.

„ამიტომ, ესეც მანიპულაციაა, რომ საგადასახადო კოდექსში რაღაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობის საკითხზე და ბოლო-ბოლო, მართლა რაზეა საუბარი. საერთო ჯამში, ჩვენ რომ ვუყურებთ, ამ პროტესტის ბირთვი არის რამდენიმე ერთეული „ენჯეო“, 10-20 „ენჯეო“ სინამდვილეში, რომელსაც ეს აწუხებს, რადგან მათ აქვთ სწორედ დასამალი ფინანსები. ამ 20 „ენჯეოს“ ყოველწლიურ დეკლარაციას ლამის გადააყოლონ ყველაფერი. არასერიოზულია ეს მსჯელობა. ამიტომ, არგუმენტი წარმოადგინონ, რა არის პრობლემა იმაში, რომ წელიწადში ერთხელ, ისევე როგორც 5 000 საჯარო მოხელე ავსებს დეკლარაციას, მაგალითად, მეც ვავსებ ასეთ დეკლარაციას და არის საჯარო. რა არის პრობლემა, რომ ფინანსური დეკლარაციები შეავსონ ამ ორგანიზაციებმა და საჯარო გახადონ საზოგადოებისთვის. ხომ ამბობენ, რომ სიკეთისთვის აკეთებენ და აჩვენონ ეს სიკეთე, რატომ მალავენ. რადგან მალავენ, ე.ი არ არის სიკეთე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, ნიდერლანდების, დანიის საელჩოების ფულით დაფინანსებული „ენჯეო“ გუშინ ულტიმატუმს უყენებდა პარლამენტს. მისივე შეფასებით,  საელჩოებმა უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში