რუსთაველზე მყოფ ხალხს კანცელარიისკენ წასვლისკენ მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ - პაპუაშვილი

24 აპრილი 2024, 10:49 336 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა რუსთაველზე მყოფ ხალხს კანცელარიისკენ წასვლისკენ მოუწოდა, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოელი აქტორის მიერ ფინანსდებიან.

„არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ აქციის ორგანიზატორები და გახსოვთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა რუსთაველზე მყოფ ხალხს კანცელარიისკენ წასვლისკენ მოუწოდეს, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ. ეს იყო პირდაპირი წაქეზება იმისა, რომ ყოფილიყო ძალადობის პროვოცირება. ასე რომ, ეს უპასუხისმგებლობაც არის „ენჯეოების“ მხრიდან, რომლებიც რამდენიმე უცხოელი აქტორისგან ფინანსდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე ჩანს, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ აღნიშნულ ცვლილებებს.

"ვაგრძელებთ საყოველთაო-სახალხო განხილვას ჩვენს მოსახლეობასთან ერთად. ქუთაისის, ამბროლაურის შემდეგ, დღეს ოზურგეთში გვექნება მოსახლეობასთან შეხვედრა. ყველა ამ შეხვედრაზე ჩანს სრული მხარდაჭერა ცვლილებების მიმართ. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ვსაუბრობთ ელემენტარულ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ცვლილებების მხარდაჭერასთან ერთად, მოქალაქეების მხრიდან ასევე არის ინტერესი დეტალებთან დაკავშირებით. ამ დეტალებზეც გვაქვს საუბარი მოსახლეობასთან, რათა განვმარტოთ, რას გულისხმობს პროპაგანდის შეზღუდვა, რას გულისხმობს გამიჯვნა უფლებრივი ნაწილისა პროპაგანდისგან. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სრულად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა, მეორე მხრივ, სწორედ უფლებების დაცვის ჭრილშიც დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან. ასე რომ, ეს გამიჯვნა არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ გუშინდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

"გუშინ ძალიან საინტერესო დღე იყო, გარკვეულწილად ჟანრის კლასიკა, რაც ჩვენ ვიხილეთ, ვიზუალიზაცია იმისა, როგორ ესმით თურმე ევროპული ღირებულებები ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში. გუშინ პირდაპირ ვნახეთ ამის კადრები, ფოტოები და შინაარსი. აღმოჩნდა, თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის კრიმინალთან ერთად, სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად გვერდში დგომა და ბრიფინგების ჩატარება. ამ ჯგუფის გაგებით, თურმე ეს ყოფილა ევროპული ღირებულება. ვგულისხმობ იმ დეპუტატებს, რომლებიც იქ იდგნენ, ბრიფინგზე ხომ არ იდგა მთელი პარლამენტი. მეორე, აღმოჩნდა, თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც აღმოვაჩინეთ გუშინ. აღმოჩნდა, თურმე პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც გავიგეთ გუშინ ამ ჯგუფისგან.

ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი როცა გველაპარაკება, რომ (კანონი) ჩვენს ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, ამას გულისხმობენ, რომ ჩვენ გვერდში არ ვუდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესხმით პოლიციას, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ციხეშია, თურმე ამას რომ ვაკეთებთ, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ეს ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილია არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში