ირაკლი კობახიძე ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას - ვიქტორ ორბანი

25 აპრილი 2024, 12:49 366 ნახვა

ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ, ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ორბანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე დასწრებისთვის და წარმატებები უსურვა.

„მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ყველა გამოწვევის, ზეძალის მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის მოჭადრაკის, გროსმაისტერის უნარი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანის განმარტებით, დღეს უნგრეთს კარგად იცნობენ საერთაშორისო პოლიტიკასა და ურთიერთობებში.

„ნამდვილად უცნაური ამბავია - 10 მილიონია ჩვენი მოსახლეობა, მოკრძალებული შეიარაღებული ძალები გვყავს, საშუალო მშპ. თუმცაღა, ჩვენი ღირსება არის მთავარი. აქ უნდა ითქვას, რომ რაღაც ძალიან საინტერესო, ძალიან ეგზოტიკური უკავშირდება ამ ქვეყანას. ალბათ ენა - არავის ესმის ჰომოსაპიენსთა შორის როგორ შეიძლება ასეთი უცნაური ენით ისაუბროს ათმა მილიონმა. ეს ხალხი ინახავს ამ ენას, სახელმწიფოს და არ თმობენ დამოუკიდებლობას ერთი ინჩითაც.

თუმცაღა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ის გახლავთ, რომ მთელი ევროპის ტერიტორიაზე, ლიბერალურმა ცნებებმა გადაუარა და წალეკა კონტინენტი და აქ, ჩვენთან, ნახავთ განსხვავებულ სივრცეს. ეს არის სივრცე, რომელიც ბრიუსელიდან არ იმართება. ის შტორმი, რაც ბრიუსელსა და ვაშინგტონშია, ჩვენთან არ მოქმედებს. ჩვენ წარმატებული, გამარჯვებული ხალხი ვართ და ყოველთვის ასეთები ვიქნებით. ამიტომ, მოგესალმებით, ამ განსხვავებულ კუნძულზე. ეს არის აბსოლუტურად სხვა სულისკვეთების მქონე კუნძული“, - განაცხადა ორბანმა.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში