გამჭვირვალობის კანონი არის ერთგვარი რუბიკონი, რომელიც ქვეყანამ სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის უნდა გადალახოს - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი 2024, 14:18 462 ნახვა

29 აპრილის შეკრება არის აქცია, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ყველასთვის - შიგნითაც და გარეთაც და დააფიქსიროს სად დგას ქართული საზოგადოება - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ერთგვარი რუბიკონი, რომელიც ქვეყანამ სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის უნდა გადალახოს.

„რა თქმა უნდა, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, აქ მოწვეულია ყველა - დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია მომენტია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, როდესაც უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით.

 

გამჭვირვალობის შესახებ კანონიც გარკვეულწილად არის რუბიკონი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ კიდევ ერთხელ გადალახოს სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის და თქვას, რომ მისთვის განმსაზღვრელია საკუთარი ქვეყნის ინტერესები და არა ის, რასაც მას ჰკარნახობენ, თანაც არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს გაქვთ უფლება იცოდეთ, რაშია არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ინტერესები, საიდან და ვისგან ფინანსდებიან.

როგორც პაპუაშვილმა  აღნიშნა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი არის საზოგადოებისთვის, რათა საზოგადოებამ იცოდეს მათზე, რომელთა მოქმედებებიც საზოგადოების ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.

„ყველაზე გაუმჭვირვალე არის არასამთავრობო სექტორი. თუკი მოქალაქეებს გაქვთ უფლება იცოდეთ ჩემს შესახებ, რადგან ჩემი გადაწყვეტილებები თქვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, თუკი გაქვთ უფლება იცოდეთ მეტი საჯარო უწყებების საქმიანობის შესახებ, რადგან მათი გადაწყვეტილებები თქვენ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, გაქვთ თუ არა უფლება იცოდეთ მეტი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომელთა გადაწყვეტილებები და მონაწილეობა თქვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას?! აი, ასეთ ბანალურ ჭეშმარიტებაზე გვიწევს საუბარი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში