იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და იდეას - კახა კალაძე რეზოლუციაზე

25 აპრილი 2024, 20:14 454 ნახვა

დღეს ევროპარლამენტმა სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრეზკონფერენციაზე განაცხადა.

კახა კალაძის შეფასებით, რეზოლუციის მხარდამჭერმა დეპუტატებმა ევროპულ იდეას შეურაცხყოფა მიაყენეს.

„დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება. ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრის და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩაფლო”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, ვიდრე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა ძალაში იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში