საქმე გვაქვს ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან არაკეთილსინდისიერებასთან - პაპუაშვილი რეზოლუციაზე

26 აპრილი 2024, 10:57 377 ნახვა

ჩანს, რომ აქ საქმე გვაქვს ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან არაკეთილსინდისიერებასთან, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის საკითხზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასეთი ქმედებები ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.

„ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ არის გარკვეული ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელიც კრიმინალის გვერდზე დგება და ატარებს ბრიფინგებს, წაახალისა მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში და ფაქტობრივად ამ ევროპარლამენტარებმა გაწირეს ქართველი ხალხი დაპირისპირებისთვის. ეს ის ევროპარლამენტარები არიან, რომლებიც აშშ-ში ლობისტების რეესტრში აღმოჩნდნენ, რომ რეზოლუციის ტექსტებს ამერიკელი ლობისტები უმზადებენ. ჩანს, რომ აქ საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან. ეს არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი. ასეთი ჩანაწერები ადრეც გვქონდა როგორც დასანქცირებაზე, ასევე სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ამ მხრივ სიახლე არაფერია.

 

ევროპარლამენტში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელთაც აქვთ პირადი დამოკიდებულება და ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ და ცდილობენ, რომ ეს ბოლო რამდენიმე კვირა რაც ევროპარლამენტში აქვთ დარჩენილი გამოიყენონ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დაესხან თავს. სამწუხაროა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გამოყენებულია იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე ევროპელი დეპუტატის მხრიდან, რაც პირველ რიგში აზიანებს ევროკავშირის პრესტიჟს ქართველი ხალხში, რადგან როდესაც ვხედავთ ჩვენ, რომ ევროპული ინსტიტუცია თავს ესხმის ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა ეს ჩვენს მოსახლეობაში ნეგატივს იწვევს და აზიანებს ევროკავშირის სახელს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს. ასევე აღნიშნა, რომ სამწუხარო არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გამოყენებულია იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის, ამ შემთხვევაში დეპუტატის მხრიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში