დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი 2024, 15:23 393 ნახვა

ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპაში არის სერიოზული გამოწვევები პროპაგანდის კუთხით, რაც იწვევს მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს.

„7-წლიან მონაკვეთში გაზრდილია ლგბტ პირების რაოდენობა ევროპაში სამჯერ, გასამმაგებულია და 18-25 წლის მოსახლეობაში ეს რაოდენობა აღწევს 20 პროცენტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ტენდენცია, რომელიც გვინდა, ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში. არც ერთ ოჯახს არ უნდა, რომ საკუთარ ოჯახში იხილოს ამ ტენდენციების გამოვლინება, ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ პროპაგანდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ეტყობა უკვე ევროპულ საზოგადოებებს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას. ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, იმავე „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ,“ ამ ენჯეომ გამოაქვეყნა ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაცემულია თანხმობა ევროსაბჭოსთვის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება.

GRECO-ს ანგარიშზეა საუბარი. ეს ტყუილი გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება, ანუ სრულიად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია. ანუ „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“, ამ ენჯეომ გამოაქვეყნა ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში. სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა, სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება, დღეების ამბავია. როგორც კი ითარგმნება, ეს ანგარიში იქნება გამოქვეყნებული. ასეთ ტყუილებს როცა ავრცელებს ეს კონკრეტული ენჯეო, გასაგებია, რა არის მათი მიზანი“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში