საქართველო ამზადებს თავის ეკონომიკას და სისტემებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის - ლაშა ხუციშვილი

27 აპრილი 2024, 17:40 427 ნახვა

საქართველო ამზადებს თავის ეკონომიკას და სისტემებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ამავდროულად, ინარჩუნებს სტრატეგიულ თანამშრომლობას რეგიონში, - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა ADB Insight-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა, რომელშიც ADB-ის პრეზიდენტი მასა ასაკავა, EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო მონაწილეობენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიას უძღვებოდა ნიშა პილაი, რომელიც წლების განმავლობაში BBC World News-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და Asia Today-ის წამყვანი იყო.

კითხვაზე, რა სირთულეები გაიარა ქვეყანამ კოვიდპანდემიისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და როგორია ამჟამად ვითარება, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ რამდენჯერმე განიცადა ეკონომიკური შოკი, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკამ საკმაოდ ძლიერი მდგრადობა გამოავლინა.

„მთავარია, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ასევე, სტრუქტურული რეფორმები და ახალი ინიციატივები, რომელსაც ვახორციელებთ, საკმაოდ კარგ საფუძველს უქმნის იმ ეკონომიკურ აღდგენას, რომელიც ამჟამად სახეზეა. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური აღდგენის პროცესი გვქონდა, მათ შორის, არის ტურიზმის სექტორის საკმაოდ ძლიერი აღდგენა, რომელსაც ჩვენს ეკონომიკაში საკმაოდ დიდი წილი უკავია. პანდემიამდე ტურიზმის წილი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში 12%-ს შეადგენდა. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მიზეზია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც გაიზარდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ასევე, ჩვენი მიმზიდველი ბიზნეს კლიმატი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკურ ზრდაში. საკმაოდ ძლიერი მოთხოვნა შეინიშნება და თავისი წილი შეაქვს ფინანსური და ადამიანური კაპიტალის შემოდინებასაც. ამრიგად, ამ ფაქტორების შედეგად, 2021 და 2022 წლებში საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - 10.6% 2021 წელს და 11% 2022 წელს. ეს ზრდის იმპულსი გაგრძელდა 2023 წელსაც, რადგან გვქონდა 7.5% მაჩვენებელი, რაც საშუალოზე გაცილებით მაღალია. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ასეა, ბოლო ორი თვის განმავლობაში. ჩვენი ზრდა ამ ბოლო პერიოდში 7.7% იყო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში განხორციელდა საკმაოდ ძლიერი ფისკალური კონსოლიდაციის ღონისძიებები.

„საკმაოდ ძლიერი რეფორმები გვაქვს საჯარო ფინანსების მართვაში, რაც თავის როლს ასრულებს ეკონომიკის სტაბილიზაციაში. ასე მაგალითად, საბიუჯეტო დეფიციტი, რომელიც დაახლოებით, 9% იყო, 2,5%-მდე შემცირდა, ხოლო, ვალის დონე, რომელიც დაახლოებით 61% იყო, 20 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ახლა 40%-ზე დაბლაა. ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა - ინფლაცია დასტაბილურდა და ბოლო 12 თვის განმავლობაში, საშუალო ინფლაცია საქართველოში 0.7% იყო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში