პარლამენტთან რკინის დამატებითი ჯებირები მიიტანეს და სამართალდამცავთა რაოდენობაც გაიზარდა

29 აპრილი 2024, 00:43 425 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან რკინის დამატებითი ჯებირები მიიტანეს.

ჯებირები საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ, უშუალოდ, იმ პერიმეტრზე დაამატეს, სადაც "ქართული ოცნების" ორგანიზებით, ხვალ დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით სცენაა დამონტაჟებული.

ადგილზე გაიზრდა სამართალდამცავთა რაოდენობაც. მათ შორის, სპეცრაზმის რამდენიმე ჯგუფია განლაგებული.

პარლამენტთან მომიტინგეები, ამ დრომდე, რჩებიან. მათ წინააღმდეგ შსს-მ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ცნობისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 19:00 საათზე დაიწყო. აქციაზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

პარლამენტთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ 10 ახალგაზრდა საქართველოს დროშით ასულიყო საკანონმდებლო ორგანოსთან მოწყობილ სცენაზე. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს 5 წუთი მისცეს იმისთვის, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან შეეთანხმებინათ. დროის ამოწურვის შემდეგ კი ვითარება დაიძაბა, აქციის მონაწილეები რკინის ჯებირების გარღვევასაც შეეცადნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში