პარლამენტში კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - დარბაზი რამდენიმე დეპუტატს დაატოვებინეს

29 აპრილი 2024, 11:18 366 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომა რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს დაატოვებინეს. ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან რეგლამენტის დარღვევისთვის თამარ კორძაია გააძევა. 

კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილსაც. სიტყვის გამოსვლისას სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტის გამო საქართველო ვიზალიბერალიზაციას დაკარგავს. ამ განცხადების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს მიკროფონი გამოურთო, რასაც მისი პროტესტი მოჰყვა. მანდატურის სამსახურმა სალომე სამადაშვილს სხდომა დაატოვებინა.

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მასზე ფიზიკური ძალადობისთვის სარჩელის შეტანას აპირებს.

მანამდე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს, გიორგი ვაშაძეს და ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინეს. 

ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძესაც დაატოვებინა.

კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში