თუ არ გავარღვევთ, ამ ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ძალიან გაგვიჭირდება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა - ირაკლი კობახიძე

01 მაისი 2024, 18:43 402 ნახვა

თუ არ გავარღვევთ, ამ ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საჭიროა, სწორედ, ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა.

„კონკრეტული ძალებისთვის პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი და ამ კუთხით, „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა, მათთვის, ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. სწორედ, „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა აძლევს მათ საშუალებას, საქართველო დატოვონ ე.წ. პოლარიზაციის, იგივე, რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში. სწორედ, იმიტომ ეწინააღმდეგებიან შესაბამისი ძალები გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, რომ მათ სურთ, ქვეყანა მუდმივად ამყოფონ რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში.

 

კიდევ ერთხელ, გავიხსენებ, თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა 2020 წლის ბოლოს, რა ხდებოდა 2021 და 2022 წელს, შემდეგ, 2023 წელს. სამი წლის გამავლობაში ქვეყანა იყო მუდმივი რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობის პირობებში და ეს აწყობთ კონკრეტულ ძალებს, მაგრამ, ეს არ აწყობს ქართულ სახელმწიფოს, ეს არ აწყობს, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, აუცილებელი არის ამ კანონის მიღება. იქნება, რა თქმა უნდა, აქციები დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა, ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში, იქნება რამდენიმე დღიანი დისკომფორტი, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ამ ქვეყანას პოლარიზაციისა და რადიკალიზმისგან.

 

ეს არის, ძალიან პრინციპული ეროვნული ამოცანა. ჩვენ თუ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება, სწორედ, ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში