ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებიდან მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა, აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე - შსს

01 მაისი 2024, 20:55 398 ნახვა

ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებიდან მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა, აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე, – ამის შესახებ, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს..

უწყება პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

"პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან, უსაფრთხოდ გამოსვლა.

 

ამ დროისთვის, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ, მათთვის სასურველ ადგილზე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები.

 

კიდევ ერთხელ, მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება.

 

პოლიციის მიერ, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში