„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, სხდომაზე მომავალი კვირის დღის წესრიგი განიხილეს.
„დღეს შედგა უმრავლესობის სხდომა გაფართოებულ ფორმატში, მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ვისაუბრეთ მომავალი კვირის განრიგზე და დღის წესრიგზე, ასევე მიმდინარე საკითხებზე და კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ კვირას მესამე მსმენით განიხილება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერები იმის დასტურია, რაზეც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია საუბრობს.
„გავრცელებული ჩანაწერები დასტურია იმისი, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და რაც მზადდებოდა სხვადასხვა ტრენინგით.
როცა ჩვენ ვსაუბრობდით აკერმანის ტრენინგებზე ეს ვიღაცას სასაცილო ეგონა, ახლა ხომ პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით სრულდება?! „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, არის პოლიტიკური უმცირესობა და ცდილობს დემოკრატიული მეთოდებიდან გვერდის ავლით მოიპოვოს ძალაუფლება ძალადობითა და წყლის ამღვრევით.
არჩევნები არის რამდენიმე თვეში, თუკი ვინმეს მართლა ჰქონია, რომ აქვს ხალხის მხარდაჭერა, 26 ოქტომბერს გამოვიდეს და ხალხი კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.