ჩვენი თხოვნაა აშშ-ის მიმართ, უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირის მიმართ მოწოდებაა, გაიხსნას წევრობაზე მოლაპარაკებები - ირაკლი კობახიძე

10 მაისი 2024, 23:50 462 ნახვა

გვაქვს მზაობა, კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერი აცხადებს, ეს არის საქართველოს მთავრობის პოზიცია.

„ჩვენი პოზიცია არის ნათელი – ჩვენ ვითხოვთ კიდევ უფრო მეტ ურთიერთობას, უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა სამწუხაროდ, არის გარკვეული თავშეკავებული პოზიცია, რასაც შესაძლოა, ჰქონდეს თავისი მიზეზები, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვუწოდებთ ანტიქართულ განწყობას. პირიქით, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა. გვაქვს მზაობა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის. რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი. ეს არის ჩვენი განწყობა და პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მოწოდებაა აშშ-ის მიმართ, უზრუნველყოფილი იყოს ვიზალიბერალიზაცია.

„ჩვენი თხოვნაა აშშ-ის მიმართ, უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია. დარწმუნებული ვარ, ეს არ დაამძიმებს აშშ-ს, ასევე ხელი მოეწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ამერიკას შორის. რაც შეეხება ევროკავშირს – აქ ჩვენი მოწოდებაა, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში