ირაკლი ღარიბაშვილი ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის პარტიულ აქტივს შეხვდა

11 მაისი 2024, 17:14 430 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ, - ამის შესახებ, ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორჯომში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ბორჯომში. შევხვდით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტიის აქტივს. ვისაუბრეთ საარჩევნო და მიმდინარე საკითხებზე, შევეხეთ მოვლენებს, რომელიც ვითარდება ქვეყანაში და რეგიონში. ჩვენი მთავარი მესიჯია - პარტია კარგად უნდა იყოს მომზადებული არჩევნების დღისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ. მინდა ჩვენს მოსახლეობას, მივმართო, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას დღეს შესწევს უნარი და ძალა იმისა, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველყოს განვითარება, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა „ქართული ოცნება“. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სხვა ალტერნატივა, ეს არის ნგრევა, ომი და ქაოსი და უბედურება, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს" - ირაკლი ღარიბაშვილი.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. სამცხე-ჯავახეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში