ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და ყველა მიმართულებით აუცილებელია ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება - პრემიერი

13 მაისი 2024, 20:29 382 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა – არა; სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღევანდელ აქციაზეც დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც მართალია, სრულ შესატყვისობაში იყო ძალადობაზე რეაგირების ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეესატყვისებოდა იმ სტანდარტებს, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" დაამკვიდრა.

"შემიძლია, გაჩვენოთ ვიდეოები, რა ხდება ნიუ იორკში, როტერდამში, ბერლინში, ან პარიზში. ამერიკული სტანდარტი არის ამაზე დაბალი, ჩვენ გვინდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. მე არ მომწონს ეს სტანდარტი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში 2012 წლიდან დაამკვიდრა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ძალიან არ მომწონს ეს ინციდენტები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით შეხვდნენ ნებისმიერ პროვოკაციას. მე ეს არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ შესატყვისობაშია ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან. სადაც იქნება სამართალდარღვევა, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირებაც“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამართალდარღვევის შეფასება მთავრობის კომპეტენცია არ არის და ამას შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ.

"საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა – არა. სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით ერთმაგი სტანდარტი და არა ორმაგი სტანდარტი. სადაც არის სამართალდარღვევა, ყველგან უნდა იყოს რეაგირება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ვერ ხედავენ ძალადობას, ან იწონებენ ძალადობას ერთ მხარეს, ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და ყველა მიმართულებით აუცილებელია ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება“, - აღნიშნა პრემიერმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში