გულწრფელად ვფიქრობთ, რომ არც პროცესი და არც კანონი არ შეესაბამება სტანდარტებს, ვიმედოვნებთ, ვიხილავთ ნაბიჯებს, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს - ო’ბრაიენი

14 მაისი 2024, 21:33 413 ნახვა

მე ჩამოვედი, რადგან აშშ დიდად აფასებს ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. ჩვენ განვიხილავთ ამას როგორც სტრატეგიულ პარტნიორობას, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს შეხვედრები ჰქონდა მთავრობის წევრებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის სპიკერთან. ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებით, ასევე შეხვდა პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და ოპოზიციას.

„როდესაც აქ ჩამოვედი, ცოტა დამაბნეველი იყო სხვადასხვა სახის საუბარი. კანონის ზოგიერთი დამცველი ამბობს, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა უნდა იყოს საქართველოს მთავარი ეროვნული ინტერესი. ისინი ფიქრობენ, რომ ზოგიერთი დასავლური დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს. ჩვენი ინტერესია, ვნახოთ, რომ საქართველო თანხვედრაშია ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკურ ნორმებთან ისეთი საკითხების მოგვარებისას, როგორიცაა გამჭვირვალობა. გულწრფელად ვფიქრობთ, რომ არც პროცესი და არც კანონი არ შეესაბამება ამ სტანდარტებს. ვიმედოვნებთ, გვექნება მეტი დისკუსია, რათა ვიხილოთ, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ნაბიჯები შეესაბამება ევროპულ ნორმებს. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ამის შესაძლებლობა იქნებოდა კანონის ამოქმედებამდე. ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ იქნებოდა შედეგები, თუკი კანონი განხორციელდება მისი ახლანდელი სახით“, - განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

ამასთან, როგორც ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა, საქართველო ცდილობს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.

„ამ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული სტანდარტები, რომლებიც ამბობს, როგორია წესები. ჩვენ გვსურს, საქართველომ გააგრძელოს ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნა, დაშორების ნაცვლად. საქართველოს გადაწყვეტილება, არ დაუახლოვდეს ევროპას, იქნება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული გზის უარყოფა. გვჯერა, ჩვენ ვხედავთ ამას გამოკითხვების შედეგებში, ვხედავთ ამას ქუჩაში, გვესმის ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მათ შორის „ქართული ოცნებისგან“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან, ბიზნეს-საზოგადოებისგან, რომ ქართველ ხალხს ძალიან სურს ამ გზის გაგრძელება. ჩვენ ვიდგებით მათ გვერდით, როგორც ამას 30 წელზე მეტია, ვაკეთებდით“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში