პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება, მეტად გაღრმავდეს ჩვენი სავაჭრო პარტნიორობა - ირაკლი კობახიძე

16 მაისი 2024, 19:35 425 ნახვა

თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, კიდევ მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ხედავს დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით.

„ბატონ პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

 

ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის მნიშვნელობა. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. ასევე, ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოდან ექსპორტის და ზოგადად, ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

"ჩვენ მივესალმეთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაწყებულია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რაც იძლევა საფუძველს, რომ ორ სახელმწიფოს შორის საბოლოოდ გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება. თავის მხრივ, საქართველო მზად არის, გააგრძელოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში