პრეზიდენტმა კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი არგუმენტი, შენიშვნა არ არის - თეა წულუკიანი

20 მაისი 2024, 13:21 419 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი არგუმენტი, შენიშვნა არ არის, რითაც ყველანაირი დისკუსია დახურა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი მავნებლობა ჩაიდინა.

„გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან. ამ კანონის მიღებით არ სრულდება და არ დაწყებულა ყველაფერი მათთან ურთიერთობაში. საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, როდესაც განზრახ დახურა ყველანაირი დიალოგის შესაძლებლობა. მისი მხრიდან ეს არის განზრახი აქტი. იცოდა, რომ ლამის ავტომატურ რეჟიმში იმეორებდა საპარლამენტო უმრავლესობიდან ყველა დეპუტატი, ავტომოპასუხესავით ყველა ვიმეორებდით, რომ დიალოგის სივრცე კვლავ არის და ეს შეიძლება გაიმართოს მოტივირებული, ანუ არგუმენტებიანი ვეტოს გარშემო საუბრისას. რა გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა? საქართველოს პრეზიდენტმა იმ პროცედურის საწინააღმდეგოდ, შეუსაბამოდ, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი არგუმენტი, შენიშვნა არ არის. ამით დახურა ყველანაირი დისკუსია.

რატომ დახურა? პრეზიდენტი შენიშვნებს თუ არ მოიწერებოდა, პარლამენტი სამართლებრივად მოკლებულია ყველანაირ შესაძლებლობას, დისკუსია გამართოს იმის მიღმა, რაც წერია ვეტოში. ეს ალბათ კარგად უნდა ავუხსნათ ყველას, ვინც ვეტოს პროცედურებში ასე კარგად ჩახედული არ არის. პრეზიდენტი თუ წარმოადგენდა არგუმენტებს, რომლებიც იქნებოდა მისი ან არასამთავრობო სექტორის, უცხოელი პარტნიორების ან ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქის, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი ამ არგუმენტებზე მსჯელობას შეძლებდა. დღეს პარლამენტი ვეღარ იმსჯელებს იმაზე, რაც წარმოდგენილი არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა მავნებლურად დახურა ყველანაირი სივრცე დიალოგის, საუბრის. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციური გარანტი სტაბილურობის, მშვიდობიანობის, მრავალი თვეა, პირიქით იქცევა და რაც მეტი არეულობა იქნება ქვეყანაში, თითქოს ეს საკუთარ წარმატებად მიაჩნია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლად დაძლევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში