დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, დოგმებითა და ბორკილებით - პრეზიდენტი

26 მაისი 2024, 12:16 404 ნახვა

მოგმართავთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, თქვენი უმაღლესი მთავარსარდალი, ვინც იცავთ საქართველოს და მის დამოუკიდებლობას, მოგმართავთ თქვენ, ვინც დღეს დებთ ფიცს და მზად ხართ ემსახუროთ საქართველოს, გამარჯვებული და დაუმარცხებელია ერი, რომელიც ამდენი საუკუნის შემდეგ, ამდენი ომისა და დაპყრობის მცდელობის შემდეგ, დღეს დგას თავისუფალი, ამაყი და უდრეკი, ეს თქვენი დამსახურება და ჩვენი საერთო მონაპოვარია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო არასდროს დაივიწყებს იმ ადამიანებს, იმ გმირებსა თუ უცნობ ჯარისკაცებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს.

„ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვუღალატებთ იმ ადამიანებს, იმ გმირებსა თუ უცნობ ჯარისკაცებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს და მის დამოუკიდებლობას. ჩვენი მუდმივი პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ მოპოვებულ და გადმოცემულ საგანძურს, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს გავუფრთხილდეთ და არავის დავუთმოთ. მივმართავ სრულიად საქართველოს, მოგმართავთ თქვენ და ვიცი რამდენად გტკივათ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა. ვიცი დღეს რა განცდებითაც მისმენთ, მაშინ როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ გესახებათ. ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია, შენარჩუნებულია და დღეს ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. არაა შემთხვევითი, რომ საქართველოსათვის გადამწყვეტ დროს ქვეყნის პრეზიდენტი იმ ემიგრაციის შვილია, რომელიც იბრძოდა და ამზადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იმ დამოუკიდებლობას, რომელიც 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. შეიძლება ისიც არ იყოს შემთხვევითი, რომ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ის ადამიანია, რომელმაც მშვიდობიანად გაიყვანა შემოსული რუსის ჯარები. ჩემი წინაპრებისადა ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ, ყველაფერი გავაკეთო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისთვის. საქართველოში ჩამოსვლამდე ეს პირობა მივეცი ჩემს თავს და ჩამოსვლის პირველივე დღიდან, სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს. ეს პირობა მოგეცით თქვენ, როდესაც კონსტიტუციაზე დავდე ფიცი. მინდა, იცოდეთ, რომ არც ჩემს თავს, არც ჩემს  ფიცს და არც ჩემს ხალხს არ ვუღალატებ. თქვენი ხმა მესმის და ვიცი, რა განცდებითადა რა ემოციებით ხართ. ვიცი, რომ თქვენს გულში შემოპარულია რაღაც გაურკვევლობა, დაბნეულობა, გაურკვევლობა და შიშიც კი. ვიცი, რამდენადაუტანელია ის ფიქრი, რომ რისთვისაც აქამდე, ყველა ერთად ვიბრძოდით, დღეს ვითომცდა ხელიდან გვეცლება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. არ დავუშვებთ. ჩვენ აქ ვართ ადამიანები, ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებულები, ვისაც გვახსოვს საქართველო დამოუკიდებლობამდე და ვისაც სწამდა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის წმინდა მიზანსმივაღწევდით და აქ ხართ ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში დაიბადეთ და ვერც წარმოგიდგენიათ სხვანაირი საქართველო. ვერ წარმოგიდგენიათ სწორედ იმიტომ, რომ ხართ თავისუფალნი, დამოუკიდებელნი და ვერასდროს შეეგუებით მონობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო.

„დღეს თქვენით და ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო და წარმოიქმნება ახალი ენერგია. საქართველომ კიდევ ერთხელ, ისევე, როგორც მრავალჯერ საკუთარ ისტორიაში, გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე – შიშის გარეშე, შურის გარეშე და სიძულვილის გარეშე; ქვეყნის ახალი ენერგია მოდის ახალი სიტყვით, ახალი აღქმით, გამბედაობით, სიყვარულით, ერთობით, ღირსებით და მას ვერაფერი გააჩერებს. დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით; სწორედ ამიტომ მტკიცედ მწამს – საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში. მჯერა და მინდა, თქვენც დაგარწმუნოთ, რომ არც ჩიხში ვართ შესულნი, არც ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ და არც უიმედობასა და ნიჰილიზმს აქვს ადგილი ჩვენში. ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ. მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და საგარეო კურსის გარანტი, ვხედავ ჩემს პასუხისმგებლობას ამ გამოსავლის პოვნაში. გამოსავალი არსებობს და ჩვენს თვალწინ ნათლად ჩანს, და რა არის ეს გამოსავალი. პირველ რიგში, ჩვენი ევროპული გზის გადარჩენა ამ გამოსავლის ქვაკუთხედია. დღეს, როდესაც რუსეთის აჩრდილი თავს გვადგას, ევროპასთან და ამერიკასთან პარტნიორობა და დაახლოება ჩვენი დამოუკიდებლობის, მშვიდობის შენარჩუნების, გაძლიერების ჭეშმარიტი გზაა. ის, ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და აზიანებს, ის ფეხქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალს, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილ წევრად ქცევის გზას. ევროპული კავშირი არის თავისუფლების სივრცე, სადაც არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა მისი და მისი ხალხის ნების გარეშე, ეს არის გზა ღიაობის, სამართლიანობისა და განვითარების. ეს არის ადგილი, სადაც დაცულია თუნდაც ყველაზე პატარა ერი, მისი ენა, სარწმუნოება, იდენტობა და ტრადიცია. ეს არის კავშირი, სადაც დაცულია ადამიანი, ოჯახი, მისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, მისი პირადი ცხოვრება, მისი ღირსეული სიბერე, სადაც დაცულია ადამიანის ყველა უფლება. ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისთვის, არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ, მიდი დაარსებიდან. სამაგიეროდ, რეალური ომის პარტია ერთია და მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ვხედავთ – რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი, გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღში ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ რეგიონში და ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მშვიდობიანი პროცესების გარდა, გამოსავალი არაა.

„ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად. დღეს მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს ვიღაცეები დავარწმუნო იმ ფაქტში, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი; ხომ ვიცით ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობადა ვინ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და არაღიარების პოლიტიკას; ხომ ვიცით ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი; ხომ ვიცით ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები; ხომ ვიცით ვინ გვიჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ჩვენი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში; ხომ ვიცით ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველო ღვინის სამშობლოდ; ხომ ვიცით ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი; ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა და კიდევ, ვინ მოთვლის და რა დათვლის, რა დაგვიშავა მტერმა და რა გაგვიკეთა მეგობარმა. ამიტომ არის, რომ ჩვენს კონსტიტუციაში ასახული საგარეო კურსი ჩვენი უალტერნატივო მომავალია. გამოსავლის გზის მეორე  ქვაკუთხედია სტაბილურობა. ამ რეგიონში და ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენთვის მშვიდობიანი პროცესების გარდა, გამოსავალი არაა. არ არის და ვერ იქნება გამოსავალი რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალების, დესტრუქციის, ანუ დესტაბილიზაციის გზა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გარეთ ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს და შიგნით – ხელს უწყობს მშვიდობიანი პროცესის დივერსიად წარმოჩენას, დაშინებას, რეპრესიებს და საბოლოოდ, ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებას. სტაბილურობის შენარჩუნების გზა კი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე გადის. არჩევნები დემოკრატიულობის ერთადერთი გზა და ერთადერთი საზომია, არჩევნები დემოკრატიულობის მთავარი ტესტი, რითაც ასევე უნდა შეფასდეს ჩვენი მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო! ასეთ არჩევანს კი სახალხო რეფერენდუმი ჰქვია. სწორედ ამიტომ, მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო – ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება. ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს და მას საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნოს. ჩვენ ჩვენს თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია ყველაფერი და რომ ჩვენს მომავალს ვერავინ წაგვართმევს. ამ არჩევნებით უნდა ვუპასუხოთ ახალგაზრდების, და არა მხოლოდ მათ მოლოდინს და გავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობების ველი. ისინი ქვეყნიდან წასვლაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, არამედ იმაზე, რომ ეს მიწა მათია და მათ უნდა დაწერონ ქვეყნის მომავლის ფურცელი“, – აცხადებს ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, წარსული წარსულს უნდა ჩაბარდეს.

„გამოსავლის გზა გადის ასევე იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, ანუ ქვეყნის „განსაბჭოებას“ -ანუ საბჭოთა სისტემის გადმონაშთების ამოძირკვას. უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც იმ შავბნელ წარსულს ახასიათებდა – იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი. წარსული წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ჩვენი დღევანდელი ამოცანასწორედ ესაა, რომ გზა გავუხსნათგათავისუფლებულ მომავალს. ჩვენ დღესრისი მომსწრენი და მონაწილენიც ვართ სწორედაც, რომ ძველი ეპოქის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისია. წარსულიდან უნდა  განვთავიაუფლდეთ და გავთავისუფლდეთ ოკუპაციისგან. დეოკუპაციის ერთადერთი მშვიდობიანი და რეალური გზა, აქაც ევროპის გზაა, რომელიც არცერთ ფარულ გარიგებასა და არცერთ ტყუილ დაპირებაზე არ გადის. სამაგიეროდ, ჩვენ რეალურად შეგვიძლია დავპირდეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოებას ერთობლივი განვითარების პერსპექტივა, ადამიანის უფლებების რეალური დაცვა და ნამდვილი მშვიდობა სამხედრო ბაზებისა და მობილიზაციის გარეშე. გათავისუფლდეს უნდა სასამართლო სისტემა – სამართლიანობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩვენი ყველა მოქალაქის მოთხოვნაა. ყველამ ვიცით, რომ სასამართლოს წნეხისა და გავლენებისგან გათავისუფლების გარეშე, ეს ვერ მიიღწევა. ყველამ იცის, რომ სასამართლო ევროპული სახელმწიფოს და მისი სტაბილურობის ძირითადი ქვაკუთხედია. ევროპული გზა ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის გათავისუფლებაა, კანონმდებლობა და სასამართლო კი, ამ გათავისუფლების იარაღი. თუ არ არსებობს სამართლებრივი სივრცის ნდობა, მაშინ ვერც სტაბილურობა იქნება და ვერც გრძელვადიანი ინიციატივა, თუ ინვესტიცია. სამაგიეროდ, ევროპული კანონმდებლობა იცავს ბიზნესს ყოველგვარი არაკანონიერი, თუ პოლიტიკური ჩარევისგან, აჯანსაღებს მთლიანად ბიზნესგარემოს და იძლევა ახალი პოტენციალის გამოჩენისა და ზრდის შესაძლებლობას. მარტივად რომ ვთქვათ, არავინ დაგიბარებთ თქვენი წილების ვინმესთვის დასათმობად, ან სხვა ხარკის გადასახდელად. გათავისუფლებულ ქართულ ბიზნეს რეალური პოტენციალი გააჩნია ევროპული ბაზრის ასათვისებლად. სოციალური გარანტიებით უნდათ მოქალქეებს გათავისუფლება – ევროპულ სოციალურ კანონმდებლობასთან დაახლოება საქართველოს მოქალაქისთვის ნიშნავს იმას, რომ მისი პირადი, ოჯახური, სამსახურებრივი და საზოგადოებრივი სივრცე იქნება დაცული, რაც ადამიანის ღირსების დაცვის უპირველესი ნიშანია. გათავისუფლება უნდა ეხებოდეს საჯარო სამსახურს – თავისუფალი საჯარო სამსახური ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ემსახურება სახელმწიფოს და არა პირად ინტერესებს, გავლენებსა და პარტიულ დიქტატს. სწორედ ესაა ის, რაც ევროპას უდევს საფუძვლად“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე განცხადებით, საქართველოს ნამდვილად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას და ღირსეულად დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი.

"მთავრობები, მმართველი პარტიები მიდიან და მოდიან, არავინ ერევა ცალკეული საჯარო მოხელეების საქმიანობაში, არავინ ავალებს, ან უკრძალავს მათ სადმე მისვლას, ან არ მისვლას, რამის თქმას და ა.შ; იცვლება პოლიტიკური სპექტრი, საჯარო მოხელე რჩება და მის ხელშია პოლიტიკის თანმიმდევრულობა, სტაბილურობა და სახელმწიფო, თუ ადმინისტრაციული მეხსიერება. შიშისგან და რევანშიზმისგან გათავისუფლებული საჯარო მოხელე ქვეყნის მომავლის საუკეთესო საყრდენია. გათავისუფლებული კულტურა არის ასევე  ერთ ერთი ნიშანია თავისუფლებისა, რამეთუ თუ არ არის თავისუფლება, არც კულტურა არ არის. ჩვენი კრეატიული შემოქმედებითი  ენერგია, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა საქართველოს. თავისუფალი საქართველო დღესაც იპყრობს მსოფლიო სცენას, გალერეებს, ლიტერატურულ სამყაროს, მაგრამ ამ მიმართულებით მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და მეტი თავისუფლება არა ცენზურა და შევიწროება. ეს არის ის დარგი, რომელშიც საქართველოს ნამდვილად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას და ღირსეულად დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი. არავინ აღარ და აღარასოდეს არ უნდა ჩართოს თავისუფალი სპორტსმენი პოლიტიკის მორევში. ტოტალიტარული რეჟიმის მახასიათებელია მიითვისოს სპორტსმენების გამარჯვებები, მიისაკუთროს მათი მედლები და წარმატებები და ეს ყველაფერი ვითომცდა მმართველი გუნდის დამსახურება იყოს. ეს მათი გამარჯვება კი არა – სპორტსმენებისა და მათთან ერთად, მთლიანად ქვეყნის გამარჯვებაა, ამიტომ ვიზიარებთ ყველა სიხარულსა და სიამაყეს, როცა ისინი საქართველოს დროშასა და ჰიმნს წარადგენენ მთელი მსოფლიოს წინაშე. ეს არის გზა გათავისუფლების, რომელიც უთუოდ გასავლელია. და ამ გზას ვერ გავივლით თუ არ შეეხება პოლიტიკურ სივრცეს: საბჭოთა გადმონაშთი სხვა რაა თუ არა ერთპარტიულობა, ერთი პარტიის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სტრუქტურის მონოპოლია. საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება. საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც; სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი, თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა – წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი – დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში