როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი - პრემიერი

26 მაისი 2024, 21:11 461 ნახვა

როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ და როცა მინიშნება უკავშირდება შესაძლო განვითარებას შენს ქვეყანაში კონკრეტული თანამდებობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კონტრპროდუქტიულია თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟს და მუქარას ახორციელებენ.

„როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ და როცა მინიშნება უკავშირდება შესაძლო განვითარებას შენს ქვეყანაში კონკრეტული თანამდებობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შანტაჟი და მუქარა დარჩება შანტაჟად და მუქარად. მე მგონია, რომ ეს მუქარა და მთლიანად, ეს შანტაჟი არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟს და მუქარას ახორციელებენ“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გაუმჭვირვალობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„არსებული მოცემულობა, გაუმჭვირვალობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა, ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის, რაც არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა იქნება მცირე ტურბულენტობა, მაგრამ, ამას გადავივლით და ამის შემდეგ, უკვე, შეიქმნება ძალიან მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ დამშვიდდეს ქვეყანა.

 

მესმის, რომ არის მღელვარება, მათ შორის დონორებში და არავის უხარია გამჭვირვალობა. აქედან გამომდინარე, ამ ზეწოლას აქვს თავისი კონკრეტული სუბიექტურ-ობიექტური მიზეზი, ასე ვიტყოდი, არ მოსწონთ გამჭვირვალობა, თუმცა, ეს ჩვენთვის ნიშანია იმისა, რომ კონკრეტულ ძალებს სურდათ მომავალშიც ასე გაეგრძელებინათ ამ ქვეყანასთან მუშაობა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,“- აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში