ნაცვლად უცხოელი აქტორების მზადყოფნისა, გაასაჯაროონ თავიანთი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები, ვხედავთ შეტევას კანონზე - პაპუაშვილი

27 მაისი 2024, 17:23 375 ნახვა

დღეს ვნახეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ვეტოს საკითხის განხილვა, ალბათ სიტყვა „იმიტომ“ გასდევს ამ განხილვას, რადგან შინაარსობრივ მსჯელობას გაურბოდა პრეზიდენტის წარმომადგენელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„პრეზიდენტის წარმომადგენელს კითხვებზე, თუ რა იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, რომელი მუხლი, მას არ ჰქონდა პასუხი. მგონი, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ კომიტეტზე, იყო ვიზუალიზაცია იმის, რაც ორ თვეზე მეტ პერიოდში დახურულ კარს მიღმა ხდებოდა. ჩვენ ვხდებოდით, მათ შორის, უცხოელ აქტორებს და ზუსტად ასეთი საუბრები გვქონდა ხოლმე. როცა შევდივართ ხოლმე შინაარსში, იქ არგუმენტები იკლებს და აღარ არის. კონკრეტიკაში შესვლა ყველას უჭირს. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს საქმე საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული არიან შიდა და გარე აქტორები, ყველა ინსტრუმენტია გამოყენებული, დაწყებული მედიით და დამთავრებული პოლიტიკოსებით, რომ მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დაბნევა. დღეს იყო პირველი შესაძლებლობა, როცა შეეძლოთ, არგუმენტები წარმოედგინათ და გაექცნენ შინაარსზე მსჯელობას. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი მანდატი, რაც პრეზიდენტის წარმომადგენელს ჰქონდა, არის ის, რომ სტიგმატიზაცია მოახდინოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროა, რომ არც უცხოელ აქტორებს აქვთ კონკრეტული არგუმენტები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

„სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, ევროპელ ან ამერიკელ აქტორებს ეთქვათ, რომ მზად არიან, გაასაჯაროონ აშშ-ის და ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები, ვხედავთ შეტევას ამ კანონზე და, ფაქტობრივად, ძირითადი მიზანი ამ კანონის სტიგმატიზებისა არის, რომ დაფინანსების ნაწილი დარჩეს დაფარული. დღეს დადასტურებულია, რომ, საერთო ჯამში, ამ კამპანიის ერთ-ერთი მიზანი არის, რომ დაფარული დარჩეს ეს თანხები და კვლავ ჰქონდეთ ამერიკულ და ევროპულ ფონდებს შესაძლებლობა, ფარულად იმუშაონ საქართველოში, დააფინანსონ პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები ისე, რომ მოსახლეობას ამაზე არაფერი უთხრან, ეს ძალიან დასანანია. ღირებულებებზე საუბრის უკან იმალება ქვეყანაში ფარული დაფინანსების პრაქტიკის გაგრძელების სურვილი, რაც შორს არის ევროპული თუ ნებისმიერი მაღალი ღირებულებისგან და, მათ შორის, ჩვენი წარმოდგენისგან, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია საერთო ევროპული ღირებულებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში