იყურებით გარეთ, რა მითითება მოგივათ იქიდან, მოქმედებთ უცხო ქვეყნების ინტერესებით, ეს არის ღალატი - პაპუაშვილი ოპოზიციას

28 მაისი 2024, 14:07 352 ნახვა

იყურებით გარეთ, რა მითითება მოგივათ იქიდან, მოქმედებთ უცხო ქვეყნების ინტერესებით, – ასე მიმართა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ზვიად გამსახურდია გამოსვლის დროს სახსენებლად სჭირდებათ, თორემ საერთოდ არ აქვთ გააზრებული ის იდეალები, რომელიც მას ჰქონდა.

„სიტყვა ღალატი ბევრჯერ ითქვა და ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ეკა ხერხეულიძე სიტყვით გამოვიდნენ. ქალბატონი და ბატონი ჩხეიძეები ზვიად გამსახურდიას პორტრეტის დაკიდებასაც ითხოვდნენ ამ დარბაზში. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? უცხო ქვეყნის პრესსპიკერების განცხადებებზე რომ ხართ აწყობილი, რა კანონი მიიღოთ და რა კანონი არ მიიღოთ. რაზეა დღეს საკითხი? კანონს რა ჰქვია – უცხო ქვეყნის გავლენებზე.

უცხო ქვეყნის გავლენის მხარეს რომ დგებით და არა ქართველი ხალხის გავლენის მხარეს, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? ეს არის თქვენი იდეალი, რომ უცხო ქვეყნის გავლენების მხარეს დადგეთ და არა ქართველი ხალხის მხარეს? ფული ისე შემოდიოდეს, კაციშვილი ანგარიშს არ აბარებდეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ჩუმად ხარჯავდეს ფულს პოლიტიკაში, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? მთელი თქვენი პოლიტიკა აწყობილი გაქვთ, რა განცხადებას გააკეთებს ვიღაცის პრესსპიკერი თუ ვიღაც პარლამენტარი და ასე შემდეგ საზღვარგარეთ. აქ მიხვედით დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ, იყურებით გარეთ, რა მითითება, ტონი მოგივათ იქიდან და იმ ტონით აგრძელებთ საუბარს. სირცხვილია ეს. ამას ჰკადრებთ ამ დარბაზს, რომ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებთ. ღალატი თუ რამეა, ეს არის ღია ღალატი.

დღეს ღილაკებს რომ მიაჭერთ ხელს, თქვენ დააფიქსირებთ, რომ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით, ვინც არ უნდა იყოს ის ქვეყანა. უცხო ქვეყანა არის ყოველთვის უცხო ქვეყანა და თქვენ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებთ. ეს არის სინამდვილეში. ის პორტრეტი იმიტომაც იყო ფარისევლობა, რომ, სინამდვილეში, თქვენ ზვიად გამსახურდია სიტყვად გინდათ და გამოსვლის დროს სახსენებლად, თორემ საერთოდ არ გაქვთ გააზრებული ის იდეალები, რომლებიც მას ჰქონდა და ჩვენს დამოუკიდებლობაში რაც ჩაიდო, ფუნდამენტში – ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში