უშედეგო აღმოჩნდა მცდელობები, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები, უზრუნველეყოთ გამჭვირვალობა, მეტიც, ვაგრძელებთ სქემების აღმოჩენას, რომლითაც ხდება პოლარიზაციის წახალისება - შალვა პაპუაშვილი

28 მაისი 2024, 17:47 435 ნახვა

გამჭვირვალობის პრობლემა საქართველოში მსოფლიოს ყველა წერტილიდან მომდინარეობს. თუმცა, ვინაიდან თქვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარმოადგენთ, ნება მომეცით, თქვენთვის შესაბამის ერთ-ერთ მაგალითზე – ევროპის დემოკრატიის ფონდზე გავამახვილო ყურადღება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს ორგანიზაცია ფინანსდება ევროპელი, მათ შორის, ფრანგი, ჩეხი, ესტონელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ჰოლანდიელი და პოლონელი გადასახადების გადამხდელების მიერ.

„გასულ წელს მრავალი მცდელობის მიუხედავად, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომ ნებაყოფლობით უზრუნველეყოთ საზოგადოებისადმი გამჭვირვალობა, ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ხარვეზების არსებობისა და ლეგიტიმური წუხილების აღიარების მიუხედავად, არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად. უფრო მეტიც, ვაგრძელებთ სხვადასხვა ფარული სქემის აღმოჩენას, რომლითაც ხდება პოლარიზაციის წახალისება, პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების დაფინანსება. ეს პრაქტიკა, უხეშად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და დახმარების ეფექტიანობაზე პარიზის დეკლარაციის ძირითად პრინციპებს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონმა ხმამაღალი განცხადებები და ემოციები გამოიწვია, მაგრამ არავის გამოუთქვამს ამ პროცესში საჭირო ერთადერთი რამ – მზაობა გამჭვირვალობაზე. ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან ჩემი საუბრები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი არ არის გამჭვირვალე როგორც საქართველოს, ისე თქვენი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე. ასე რომ, საქართველოში ევროკავშირის გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვის გამჭვირვალობის ნაკლებობა ყველა ჩვენგანის პრობლემაა.

ვინაიდან საკითხი თქვენს გადასახადის გადამხდელებსაც ეხებათ, მივესალმებოდი თქვენს მზაობას, გამოიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები, შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი, დაფინანსების მიზნობრიობა და ნათელი მოჰფინოთ ამ პრობლემას. ეს იქნებოდა გაუმჭვირვალობის პრობლემაზე რეაგირების ნამდვილი მზაობის დემონსტრირება. იმის ფონზე, რომ სხვა გზებით შეუძლებელი იყო აღნიშნული პრობლემის მოგვარება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ უცხოური გავლენის გაუმჭვირვალობის ამ პრობლემას შეეხება ერთიანი და პროპორციული ნაბიჯებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების სრული პატივისცემით“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში