ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს მოსახლეობის წინაშე, რომ არავის ავამღვრევინოთ წყალი - პრემიერი

28 მაისი 2024, 20:34 496 ნახვა

არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ ნებისმიერი სხვა მსგავსი ზომით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს.

„ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით, ვემსახურებით ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სანქციებზე ყოველგვარი საუბარი არასერიოზულია. ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ. პრაგმატულობა და სამართლიანობა არის ყველაზე სწორი გზა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საერთო ინტერესების რეალიზება“,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, საბოლოო ჯამში ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად, მიიღო სამართლებრივად და ყველა თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართული კანონი.

პრემიერის თქმით, გამჭვირვალობის კანონი ემსახურება სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და საქართველოს დამშვიდებას.

„გაუმჭვირვალობა იყო მთავარი ინსტრუმენტი, იარაღი არაკეთილმოსურნეების ხელში, რათა ეცადათ ქვეყანაში არეულობის შემოტანა, დღეს გამჭვირვალობა უკვე დააზღვევს მყარად საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ზომას და იქნება ეფექტური ინსტრუმენტი, რათა ქვეყანა საბოლოოდ დამშვიდდეს. ჩვენ თანდათანობით ვზრუნავდით, რათა გაგვემყარებინა სუვერენიტეტი. ამ კანონის მიღება არის რეალურად კულმინაცია ამ პროცესის, რასაც ჰქვია ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესი. მე მესმის კონკრეტული ძალების აღშფოთება ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, სხვა პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე, ეს არის ის, რომ არავის ავამღვრევინოთ წყალი ამ ქვეყანაში და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ კანონის მიღება არის კულმინაცია იმ პროცესის, რასაც სუვერენიტეტის გამტკიცება ჰქვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში