თუ გვინდა, პარტნიორებთან ერთად შევჯერდეთ საერთო ინტერესებზე, აუცილებელია სამართლიანობა, ყველამ უნდა აღიაროს კანონის გამართული ბუნება - პრემიერი

28 მაისი 2024, 20:54 435 ნახვა

ჩვენ თუ გვინდა, პარტნიორებთან ერთად შევჯერდეთ საერთო ინტერესებზე, აუცილებელია სამართლიანობა, ყველამ უნდა აღიაროს კანონის გამართული ბუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ კანონთან დაკავშირებით დისკუსიისთვის ყოველთვის მზად არის.

„უცხოელი პარტნიორებისგანაც ველოდებით პრაგმატულ მიდგომას. კანონთან დაკავშირებით გავრცელდა უამრავი ყალბი განცხადება. ბუნებრივია, ეს ქმნის ცუდ ფონს მათთვის, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მოლოდინი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა აღიარებს ამ კანონის დადებით მიზნებს, დადებით შინაარსს და ეს არის ერთადერთი გზა საერთო ინტერესების სათანადოდ რეალიზებისკენ. ჩვენ თუ გვინდა, პარტნიორებთან ერთად შევჯერდეთ საერთო ინტერესებზე, ამისათვის აუცილებელია სამართლიანობა. ამ შემთხვევაში, სამართლიანობა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ ყველამ უნდა აღიაროს კანონის გამართული ბუნება. არგუმენტები როცა არ გაქვს, ასეთ დროს შავი კამპანიის წარმოება არ უნდა გააგრძელო. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, ყველას შევთავაზოთ საჯარო დისკუსია კანონთან დაკავშირებით. დამთავრებულია პროცესი, კანონი არის მიღებული, დღემდე აბსოლუტურად ყველამ უარი თქვა საჯარო დისკუსიაზე, რადგან არავითარი სიმყარე არ ჰქონდათ საკუთარ პოზიციებში.

 

კანონთან დაკავშირებით დისკუსია თუ უნდათ, მოვიდნენ და დაგვიმტკიცონ, რომ რაიმე არის უარყოფითი კანონში. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი არგუმენტი ბუნებაში არ არსებობს, კვლავაც არ ველოდებით, რომ ასეთ დისკუსიასთან დაკავშირებით იქნება ღიაობა, მზაობა. ყოველთვის მზად ვართ დისკუსიისთვის, რადგან ყოველ ჯერზე ვიყავით მართალი და სადაც ხარ მართალი, იქ არ გაურბიხარ დისკუსიას და სადაც არ იყო სიმართლე, სწორედ იქ გაურბოდნენ დისკუსიას შესაბამისი სუბიექტები, მათ შორის უცხოელი პარტნიორები. ეს არ არის სწორი მიდგომა. ჯანსაღი ურთიერთობები რომ განვითარდეს, უმნიშვნელოვანესია სამართლიანობა. სწორედ ასეთ სამართლიან დამოკიდებულებას, მიდგომას ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ელჩები იმიტომ გაექცნენ კანონთან დისკუსიას, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ ჰქონდათ კანონის წინააღმდეგ.

"მზად ვართ, მოვუსმინოთ პოლიტიკურ უმცირესობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, როგორც მთავრობის მეთაური, რომ ნებისმიერ დროს, მოვიდნენ ნებისმიერი ჯგუფი, 10-15 კაცი, რამდენიც უნდათ, საჯარო დისკუსიაში მივიღოთ ერთად მონაწილეობა. თუ დაამტკიცებენ, რომ ამ კანონში რაღაც არის პრობლემური, კი ბატონო. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში ვიყავით ამისთვის მზად. ჯერ პირველი მოსმენითაც არ იყო კანონი მიღებული, რომ ელჩებს შევთავაზეთ საჯარო დისკუსია. მათი ქვეყნები გამოდიოდნენ და ოპონირებას ეწეოდნენ, როდესაც ეს მათი საქმე საერთოდ არ იყო. პოლიტიკური ოპონირება, როცა საქმე ეხება შიდა საკანონმდებლო საკითხებს, არის პოლიტიკური პარტიების საქმე ამ ქვეყანაში.

 

ეს კონკრეტული ელჩებიც გაექცნენ საჯარო დისკუსიას ამასთან დაკავშირებით და მაინც გააგრძელეს ამ ფონზე მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი მოვლენა. დისკუსიაში მონაწილეობის გაგრძელება თუ სურდათ, კეთილი ენებათ, ჩემთან ერთად დამსხდარიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ქართული საზოგადოების წინაშე საჯარო დისკუსიაში, რასაც გაექცნენ შესაბამისი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები, რაც ყველაფრის მაჩვენებელი იყო, იმიტომ გაექცნენ ამ დისკუსიას, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ ჰქონდათ კანონის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას - დეპოლარიზაციას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და თავისუფლებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში