საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა

31 მაისი 2024, 10:01 449 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი, ხოლო ორ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობებისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ თბილისში მდებარე დაახლოებით 1 480 000 ლარის ღირებულების ორ კომერციულ ფართსა და სამ საცხოვრებელ ბინას. ასევე, შეეცადნენ ამავე გზით დაუფლებოდნენ თბილისში მდებარე ორ კომერციულ ფართს, ღირებულებით დაახლოებით 245 000 ლარი.

გამოძიების პროცესში მოტყუებით დაუფლებული უძრავი ქონებები დაყადაღებულ იქნა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში