პრეზიდენტის არყოფნა პოლიციის დღეზე აბსოლუტურად ლოგიკურია, მან შეიწყალა პატიმარი, რომელმაც პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა - პრემიერი

31 მაისი 2024, 20:50 440 ნახვა

პრეზიდენტის არყოფნა პოლიციის დღეზე აბსოლუტურად ლოგიკურია, მან შეიწყალა პატიმარი, რომელმაც სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას პოლიციელების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

„რაც შეეხება პრეზიდენტის არყოფნას დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა, რა თქმა უნდა, მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, დღევანდელ დღეს ყოფილიყო აქ.

ამას მე არ ვწყვეტ, ეს არის შსს-ს ღონისძიება, მაგრამ აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა ამ ღონისძიებაზე იმ ადამიანის დასწრება, რომელმაც შეიწყალა კონკრეტული პატიმარი, რომელიც ერთ-ერთი პოლიციელის ცოცხლად დაწვას ცდილობდა. ამის გარდა, გახსოვთ გასული კვირების განმავლობაში მისი განცხადებები პოლიციასთან მიმართებით. ეს იყო აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები. აქედან გამომდინარე ამ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილს არაფერი ესაქმებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში