ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა

02 ივნისი 2024, 17:26 410 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა.

კახეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დავით სონღულაშვილი, დავით მათიკაშვილი, გელა სამხარაული, გურამ მაჭარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, გიორგი ალადაშვილი. მუნიციპალიტეტის ქალაქის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

„დღეს დავასრულე გაცხადებული რეგიონული ტურნე. დღეს იყო მე-10 შეხვედრა და თელავში მე შევხვდი ჩვენი პარტიის აქტივს, კახეთის რეგიონის. ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. მთავარი საკითხი რა თქმა უნდა, იყო არჩევნების საკითხი, რომ პარტია უნდა მოემზადოს და ემზადება ამ არჩევნებისთვის იმისთვის, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. მე, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის აქტივს გავუზიარე მთელი რიგი ინფორმაცია და ჩვენი ანალიზი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ზოგადად ქვეყანაში და არა მარტო ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში. ჩვენ, კიდევ ერთხელ, შევახსენეთ საზოგადოებას, თუ რა არჩევანის წინაშე დადგება ჩვენი ხალხი ამ არჩევნებზე. არჩევანი იქნება ძალიან მარტივი. არჩევანი იქნება მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და მეორეს მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორის. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ვინაიდან, მეორე მხარეს ჩვენ ვუყურებთ, რომ არ არსებობს სხვა ეროვნული, პატრიოტული პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს, გარანტირებულად გააგრძელებს, ამ მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას და მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი დეგრადირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მთელი ეს ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას ანგრევდნენ, მოუტანეს უზარმაზარი ზიანი, ისევ, სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას არასტაბილურობას, ომს, არეულობას და ქაოსს.

 

ამ არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი. მთელი თავისი გამოწვევებით, ეს რა თქმა უნდა, ამ შიდა სიტუაციას, კიდევ უფრო, ართულებს უცხოეთში არსებული ვითარება, რეგიონში არსებული სიტუაცია, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება. დღეს კიდევ ერთხელ შევეხეთ უკრაინის ომს. ეს ომი არ ჩერდება. ვხედავთ რიტორიკას ბირთვული ომის, მესამე მსოფლიო ომის ალბათობის შესახებ და ჩვენ ეს მოვისმინეთ პირდაპირ დაპირისპირებული ძალების ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან, ვგულისხმობ რუსეთს, დასავლეთს, ნატო-ს სახელმწიფოებს. ამიტომ, ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად გარემოში, ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე და არ უნდა დავუშვათ რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება ქვეყნის შიგნით. ამიტომაც გავიმეორებ, რომ ჩვენი პარტია ემზადება, ამ არჩევნებში, უკვე, მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. კახეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდა, რითაც რეგიონული ტურნე დასრულდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში