სანქციებზე საუბარი ჩვენთვის აბსოლუტურად არასერიოზულია - პრემიერი

04 ივნისი 2024, 14:35 348 ნახვა

სანქციებზე საუბარი ჩვენთვის აბსოლუტურად არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინფორმაცია, ელექტრონულ ფოსტებზე მისულ შეტყობინებებთან დაკავშირებით არის ტყუილი.

„აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება, იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. როცა თემა არის არასერიოზული რა თქმა უნდა, დიდად ასეთ თემას ჩვენ ვერ ჩავუღრმავდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციებიც იყო აბსოლუტურად არასერიოზული.

"თქვენ გახსოვთ, თავის დროზე დაწესდა სანქციები 4 მოსამართლეზე, ეს იყო სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ესეც იყო აბსოლუტურად არასერიოზული ნაბიჯი და მას ჰქონდა აბსოლუტურად ნული ეფექტი, მხოლოდ კონტრპროდუქტიული იყო. მხოლოდ ამერიკისთვის იყო დამაზიანებელი. როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე 4 მოსამართლეს დაუწესეს სავიზო შეზღუდვები, ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის იმიჯი საქართველოში. მტკიცებულებები მოვითხოვეთ და ვერ წარმოადგინეს, ასეთი რაღაცები აზიანებს ამერიკის იმიჯს. მოსამართლე უნდა იყოს ყველაზე მეტად დაცული საჯარო მოსამსახურე, ფართო გაგებით, მოსამართლეც არის საჯარო მოსამსახურე – ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული. მაგალითად, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება ე.წ. ბანგალორის პრინციპებს და მოსამართლის დასჯა დისციპლინური წესით დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში. ასეთ დროს კონკრეტული სახელმწიფო ჩვენს მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ასანქცირებს. ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის სამართლის უზენაესობის პრინციპის უხეში დარღვევა, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აზიანებს აშშ-ის ინსტიტუციების იმიჯს, რაც ძალიან სამწუხაროა. მტკიცებულების გარეშე სხვა როცა ასანქცირებს მოსამართლეებს, ეს აზიანებს მხოლოდ სანქციის დამწესებლის იმიჯს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში