ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პარტიები ლიდერობენ

10 ივნისი 2024, 10:20 501 ნახვა

ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პარტიები ლიდერობენ.  არჩევნების შედეგების შემდეგ, ევროპის სახალხო პარტია ევროპარლამენტში 190-ზე მეტ მანდატს ჩაიბარებს.

საფრანგეთში მარინ ლე პენის ეროვნული გაერთიანება უსწრებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მემარჯვენე ცენტრისტული აღორძინების პარტიას. მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და საკანონმდებლო ორგანოს ახალი არჩევნები თვის ბოლოს გამოაცხადა.  

გერმანიაში, სამთავრობო კოალიციის სამი პარტია ბევრად ჩამორჩება მემარჯვენე-ცენტრისტულ გაერთიანებას, რომელსაც აქვს 30%, და ულტრამემარჯვენე "ალტერნატივას გერმანიისთვის", რომელსაც სავარაუდოდ, 16%-იანი მხარდაჭერა ექნება.

უნგრეთში, ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმების 51,12 პროცენტის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია 43,57 პროცენტით ლიდერობს. ავსტრიაში ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია ხმების 27%-ით ლიდერობს.

ჰოლანდიაში კი გერტ ვილდერსის თავისუფლების პარტია, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა გასულ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში, ამჯერად მეორე ადგილზეა ეგზიტპოლების მიხედვით.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო თანამდებობიდან გადადგა. ბელგიაში ევროპარლამენტის არჩევნებზე მემარჯვენე ნაციონალისტურმა „ახალმა ფლამანდიურმა ალიანსმა“ (N-VA) პირველი ადგილი დაიკავა.

წინასწარი შედეგებით, იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.

წინასწარი მონაცემებით, ევროპარლამენტის არჩევნებში აქტივობამ 51 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში