საკონსტიტუციო ცვლილებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში

10 ივნისი 2024, 15:02 406 ნახვა

ამ წუთებში იწყება პარლამენტში ბიუროს სხდომა, სადაც “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს დაარეგისტრირებენ.

საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ცვლილებები მოსახლეობის დაკვეთაა, რაც კარგად გამოჩნდა საყოველთაო სახალხო განხილვების დროს. პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადი პროექტია სახელწოდებით – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

„ქართული ოცნების“ განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვისა და შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს.

კანონი ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გამორიცხავს და კრძალავს ყველა ტიპის შეკრებასა თუ ღონისძიებას, რომლებიც მიმართული იქნება განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვისკენ.

იკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ოპერაცია და პროპაგანდა. აკრძალვები შეეხება მედიასაც, რადგან დაუშვებელი იქნება ისეთი სცენების ჩვენება, სადაც ერთნაირსქესიანთა კავშირია წარმოჩენილი, მათ შორის ფილმებში. 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში