ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის - პრემიერი

11 ივნისი 2024, 12:08 400 ნახვა

საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არსებული სირთულეები ხელს ვერ შეუშლის ჩვენს სწრაფვას, მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

„ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა. მათ შორის გახსოვთ, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება უკრაინიდან. მე ვიტყოდი, ეს არ იყო მართებული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს სწრაფვას, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი ხალხი განსაკუთრებული სოლიდარობით გამოირჩევა უკრაინელი ხალხის მიმართ და საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ყველა პლატფორმაზე.

„ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა პლატფორმაზე, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ აღდგეს უკრაინა, როგორც კი დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ქართველი ხალხი გამოირჩევა განსაკუთრებული სოლიდარობით უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული ისტორიული ურთიერთდამოკიდებულება ხალხებს შორის, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ფართოა ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა უკრაინის მიმართ.

„ჩვენ სხვადასხვა ფორმატში მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ტიპის აქტს, რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პოზიცია არის ძალიან მყარი და ძალიან მკაფიო...

აქ იგულისხმება, მათ შორის, ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში, ასევე იგულისხმება ის, რომ საქართველო დღემდე მასპინძლობს დაახლოებით 26 000 ლტოლვილს უკრაინიდან და უზრუნველყოფილია მათთვის უფასო მომსახურება სხვადასხვა თვალსაზრისით. განსაკუთრებულად ვზრუნავთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ბავშვებზე. მათთვის არის უზრუნველყოფილი უფასო განათლება საქართველოში, მათ შორის, უკრაინულ ენაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ვალი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი ვალია, მაქსიმალური თანადგომა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ და დღევანდელ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში