საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას - ირაკლი კობახიძე

11 ივნისი 2024, 17:25 487 ნახვა

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ურყევი სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინას ამ გამოწვევებით სავსე დროს და გამოვხატოთ ერთგულება მისი სწრაფი აღდგენისადმი - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 

"მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინის აღდგენას, თუმცა ვიაზრებთ, რომ ჩვენი რესურსები შეიძლება განსხვავდებოდეს. ამის გათვალისწინებით, ომის პირველივე დღიდან საქართველომ სრული სოლიდარობა გამოიჩინა უკრაინის მტკიცე პოლიტიკური და დიპლომატიური დახმარებისათვის, სხვადასხვა პლატფორმაზე  და მას გაუწია არსებითი ჰუმანიტარული დახმარება"- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველომ 600-ზე მეტ რეზოლუციას და განცხადებას დაუჭირა მხარი უკრაინის მხარდასაჭერად.

"მართალია, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ საქართველომ არ შემოიღო ეროვნული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთებს. საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მჭიდრო კოორდინირებას ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-სთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც აკონტროლებენ სანქციების გატარებას.

ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ გამოყო მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის და მხარს უჭერს საქართველოში ამჟამად მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს. დღეის მონაცემებით, უკრაინაში გაიგზავნა 1 000-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარება 35 მილიონ ლარს აღემატება. საქართველო დღესაც უწევს დახმარებას ომით დაზარალებულ 26 000-მდე უკრაინელს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში.

2022 წლის შემდეგ უკრაინელებს, რომლებიც მიმდინარე ომის გამო შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მიეწოდებათ იმავე ოდენობის ფინანსური დახმარება, რაც დევნილებს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან: აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების სისტემამ მიიღო 2,300-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომელთა უმრავლესობა ეუფლება საშუალო განათლებას უკრაინულ ენაზე, სტანდარტული უკრაინული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.

გარდა ამისა, ვაცნობიერებთ რა, რომ ბავშვები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს ომის გამანადგურებელი შედეგების პირობებში, ზაფხულში ჩვენი ახალგაზრდული ბანაკები უმასპინძლებენ უკრაინელ ბავშვებს. კერძოდ, ხსენებულ ბანაკებში მონაწილეობას მიიღებენ ხარკოვსა და კიევში მცხოვრები უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილები. ეს ბავშვები უფლებამოსილი მეურვეების თანხლებით დაისვენებენ ჩვენს რეგიონებში, უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში, გააგრძელებს მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად.

„ძვირფასო კოლეგებო, ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრული კავშირები, არამედ ასევე საზიარო მისწრაფებები ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრიანებას ევროკავშირში.

მანამდე კი, ჩვენ ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გავაგრძელებთ მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში