ვინც მხარს არ უჭერს კანონპროექტს პროპაგანდის წინააღმდეგ, ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას - პრემიერი

11 ივნისი 2024, 18:01 447 ნახვა

პროპაგანდა არის ჩვენთვის მიუღებელი და ვინც მხარს არ უჭერს კანონპროექტს პროპაგანდის წინააღმდეგ, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს ოპოზიციის ქმედებებს პროპაგანდასთან დაკავშირებით და თავის დასკვნებს გამოიტანს, ყველაფერი გამოჩნდება, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებზე.

„პროპაგანდა არის ჩვენთვის მიუღებელი და ვინც მხარს არ უჭერს კანონპროექტს პროპაგანდის წინააღმდეგ, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას. ჩვენ ოპოზიციისგან პრინციპში სხვა მიდგომას არც ველოდით, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად, მკაფიოდ უნდა იყოს დაცული, მაგრამ პროპაგანდა არის ჩვენთვის მიუღებელი და ვინც მხარს არ უჭერს კანონპროექტს პროპაგანდის წინააღმდეგ, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას. რაც არ არის სწორი. საზოგადოება ამას ხედავს და საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს ამასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებს ამ საკითხთან მიმართებით ოპოზიცია და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოჩნდება მათ შორის 26 ოქტომბრის საპარლამენტოს არჩევნებზე“,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებსაც არ უნდათ სიმშვიდე საქართველოში.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დამშვიდდეს ვითარება. ეს არის ჩვენს ინტერესებში, ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებში, ამისთვის ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, ყველაფერი თავადაც მოიმოქმედონ, რათა რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ნუ ეცდებიან ხელოვნურად პოლარიზაციის, რადიკალიზაციის გაღრმავებას, ეს არის მათი პასუხისმგებლობაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას ინტერესებშია, რომ პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში მაქსიმალურად გაჯანსაღდეს.

„რეალურად, იქნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა არსებითად, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მოვლენების განვითარება ისე, როგორც აქამდე ვითარდებოდა. გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის ერთგვარი დემოკრატიული კრიზისი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალო ვადიან პერსპექტივაშიც გადალახავს. ეს ყველას ინტერესებშია, ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, აქედან გამომდინარე ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება. რა თქმა უნდა, ყველას ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის  ინტერესშია, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში