სირცხვილია, უპრეცედენტო გამყალბებელი „ისფედი“ საუბრობდეს კანონიერებაზე, მსოფლიოში არ ფიქსირდება შემთხვევა, როცა პარალელური ხმის დამთვლელი მონაცემებს აყალბებდეს - მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:24 328 ნახვა

მომდევნო თვეების პროპაგანდა იქნება, რომ არჩევნები საქართველოში ყალბდება, სხვა პიარკამპანია დომინანტი არ იქნება, ეს იყო მიზანი აქამდეც, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დაეყენებინათ ეჭვქვეშ და ახლაც ეს არის მათი მიზანი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სწორედ ის ორგანიზაცია საუბრობს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არჩევნების გაყალბებაზე, რომელმაც 2020 წელს გააყალბა არჩევნების მონაცემები.

"პირველი გამოდის „ისფედი“, რომელიც არის უპრეცედენტო გამყალბებელი, მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია აყალბებდეს არჩევნების მონაცემებს. 2020 წელს ეს გააკეთა „ისფედმა“. ამაზე რეპუტაციაწამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს და ის ძრავს ამ საკითხს. სირცხვილია, როცა „ისფედი“ არჩევნებზე და მის კანონიერებაზე ლაპარაკობს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შავი ფულით ვეღარ დაფინანსდება პარტიული აქტივობები იმიტომ, რომ საქართველოში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მუშაობს.

„სწორედ იმას ემსახურება ასეთი გეგმები, რომ დაფინანსდეს რეალურად პარტიული აქტივობები და ამიტომ უნდოდათ გარუსულება გამჭვირვალობის კანონის, რომ ეს სქემები არ გაშიფრულიყო. მათ უნდათ, რომ აფინანსონ სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ეს პროექტები ემსახურებოდეს პარტიულ აქტივობებს და არ გაიშიფროს. ამიტომ იკლავდნენ თავს იმისათვის, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ვერ მიეღო ჩვენს ქვეყანას. ამიტომ არის, რომ კანადა, საფრანგეთი იღებს დღეს ამ კანონებს, ე.წ. მიმდინარე ტრენდია, მაგრამ საქართველოში ის ხდება რუსული, მათი გადმოსახედიდან იმიტომ, რომ უნდა დაიმალოს დიდი ოდენობით შავი ფული და ამ შავი ფულით უნდა მოხდეს დაფინანსება. ამის დამალვად ვეღარ შეძლებენ იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოში მუშაობს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში