მთავრობის საქმიანობის პირველი თვეების განმავლობაში აღინიშნა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, 5 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9.3 % - ირაკლი კობახიძე

28 ივნისი 2024, 13:19 559 ნახვა

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებისას ეკონომიკაზე ისაუბრა  და ყურადღება იმ მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა, რომელიც ახალი მთავრობის საქმიანობის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.

მისივე განმარტებით, ჩვენი ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად კვლავაც რჩება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა.

„ჩვენი ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად კვლავაც რჩება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი მომავალშიც ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ჩემს მოხსენებას დავიწყებ ეკონომიკაზე საუბრით. ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველი თვეების განმავლობაშიც აღინიშნა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, დღეს უკვე გამოქვეყნდა მაისის მონაცემები, დაფიქსირდა 9,2 % ეკონომიკური ზრდა. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკურ გუნდს, ეკონომიკის მინისტრს, ჩვენს მინისტრებს ეკონომიკური გუნდიდან. 5 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9,3 %, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ეკონომიკის განვითარების მხრივ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უკვე დასრულებულია კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება. უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა და უახლოეს მომავალში დაიდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 51 პროცენტი წილის დარჩება სახელმწიფოს, 49 პროცენტი ექნება კონსორციუმს. ასევე ჩატარდა ტენდერი მსოფლიო ბანკის წესებით და ძალიან მალე დაიწყება უკვე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 600 მილიონ დოლარს. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი გაატარებს 600 ათას კონტეინერს, რაც ნიშნავს დაახლოებით 7,8 მილიონ ტონა ტვირთს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აეროპორტებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტურიზმი და ავიაცია არის საქართველოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით კარგი ტენდენციები ფიქსირდება.

ირაკლი კობახიძს განმარტებით, პირველ კვარტალში ტურიზმიდან მივიღეთ 808 მლნ დოლარის შემოსავლები, რაც 40%-ით აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებელსაც კი.

" წელს ველოდებით ტურიზმიდან 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს. ეს იქნება მაქსიმალური მაჩვენებელი. ველოდებით წელს 7,9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს და 5,2 მილიონ ტურისტს. ესეც იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ტურიზმი, ავიაცია არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და მოხარულები ვართ, რომ გაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა ამ სფეროების განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში