ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა

30 ივნისი 2024, 15:10 342 ნახვა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე, ბუქარესტში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტს.

ინფორმაციის მიხედვით, თავის გამოსვლაში სამხარაძემ ისაუბრა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და არსებულ გამოწვევებზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან კვლავაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის 20% და 300 000-მდე ადამიანია დევნილი.

ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების ნაწილი, კვლავაც, არ იყენებს ტერმინს - ოკუპაციას.

„წლებია მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მოლაპარაკებები, მათ შორის, ეუთო- თანათავმჯდომარეობით, თუმცა სამშვიდობო პროცესის დარეგულირება მაინც ვერ ხდება“, - განაცხადა სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

გამოსვლის დასასრულს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი ქმედითობისკენ მოუწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში