პენტაგონის განცხადება რუსეთის მიმართ ძალიან მაამებელი გზავნილია, რადგან მოსკოვი ხედავს, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესები შესაძლოა, სუსტდებოდეს - ირაკლი ქადაგიშვილი

06 ივლისი 2024, 15:40 374 ნახვა

აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტის განცხადება რუსეთის მიმართ ძალიან მაამებელი გზავნილია, რადგან მოსკოვი ხედავს, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესები შესაძლოა, სუსტდებოდეს, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი პენტაგონის გადაწყვეტილებას.

ქადაგიშვილის თქმით, დასანანია, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის, სამხედრო სფეროში არსებული ურთიერთობა, წუთიერ პოლიტიკურ მიზნებს ეწირება.

„ზოგადად, ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ამ წვრთნებთან დაკავშირებით რაიმე დიდი ინტერესი არ გააჩნდათ, თორემ წვრთნები ჩატარდებოდა და ამას წინ არაფერი ედგა. მაგრამ, გამოყენებული იქნა ეს ნაკლები, წმინდა სამხედრო კომპონენტის მიმართ ინტერესი და ეს პოლიტიკური ხასიათის განცხადება გაკეთდა. მესამე, ეს რუსეთის მიმართ ძალიან მაამებელი გზავნილია, რადგან რუსეთი ხედავს, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესები შესაძლოა, სუსტდებოდეს. ეს არ იყო კარგი სვლა, დამაზიანებელი სვლაა. ეს სვლა განპირობებულია არა იმდენად ამერიკელი სამხედროების მხრიდან, არამედ გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელი პოლიტიკის ხაზგასმაც იყო ამ განცხადებაში, რომ ჩვენ არ ვერევით ქვეყნის საშინაო საქმეებში და არ გვსურს მაიდანიზაცია. ეს განცხადება, სწორედ, მაიდანის მოსურნეთა წისქვილზე წყლის დასხმა გამოდის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, გუშინ, გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში