ირაკლი კობახიძე სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის ტაძრის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო

07 ივლისი 2024, 18:37 416 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის საკათედრო ტაძრის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია, მთავრობის მეთაურს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა მიაწოდეს.

"ალავერდის ეპარქიისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შეთანხმებით, ამ ეტაპზე, ტაძრის გუმბათის ირგვლივ ხარაჩოს აგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები გუმბათის რესტავრაციას დაიწყებენ.

სტიქიით გამოწვეული ზიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა შეაფასა. ძლიერი ქარის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალავერდის საკათედრო ტაძარი ს,აქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყველაზე მაღალი ეკლესიაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში