თავდაცვის მინისტრი ვიზიტით სომხეთში იმყოფება

13 ივლისი 2024, 10:15 347 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანს სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

"მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ჩიქოვანმა და სურენ პაპიკიანმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში