ჩვენ ჩავატარებთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს და საქართველო რეგიონში დარჩება როგორც სამაგალითო ქვეყანა - არჩილ თალაკვაძე

13 ივლისი 2024, 13:14 323 ნახვა

არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ეზრა ზეიას განცხადებას ეხმაურება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ეზრა ზეიას განცხადება გაუგებარია, რადგან ქვეყანა და ინსტიტუტები დემოკრატიულად ვითარდება.

„ყველა მიმართულებით საქართველოს დღეს აქვს უფრო ძლიერი და უფრო ევროპული დემოკრატია. შესაბამისად, ამას სჭირდება ობიექტური შეფასება ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც.

 

ჩვენი ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად, განაგრძობს დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას. ჩვენ ჩავატარებთ, კიდევ უფრო, მაღალი ხარისხის თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს და საქართველო რეგიონში დარჩება, როგორც სამაგალითო ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების მხრივ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო დღეს არის უფრო ძლიერი სახელმწიფო.

„ჩვენი ჯარისკაცები მსოფლიოს ურთულეს წერტილებში იბრძოდნენ ნატო-ს და ჩვენი მოკავშირეების ჯარისკაცების გვერდიგვერდ, ყველაზე რთულ მომენტში არ დაუხევიათ უკან, გაიღეს საკუთარი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ახლა, ყველაფერთან ერთად, ვიგებთ, რომ დაფინანსება, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გამოყოფდა ქართველი ჯარისკაცებისთვის, თურმე, არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტში მიემართება, რაც გაუგებარია. თუმცა, საქართველო დღეს არის უფრო ძლიერი სახელმწიფო, აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თავდაცვის სისტემა და ჰყავს ძლიერი ჯარი. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გაზრდილი ბიუჯეტით, გაზრდილი ეკონომიკით დავაფინანსოთ ჩვენი ჯარისკაცები და თავდაცვის სისტემა. ამისთვის, უკვე ინიცირებულია ცვლილებები ბიუჯეტში, არა მხოლოდ, 100 მილიონი, არამედ, კიდევ უფრო მეტი დაფინანსება ექნებათ და ჩვენი პარლამენტი მხარს დაუჭერს გაზრდილ ბიუჯეტს ჩვენი ჯარისთვის“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე,  უზრა ზეიამ განაცხადა, რომ აშშ კვლავინდებურად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში