არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე, დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი - პრემიერი

31 ივლისი 2024, 11:47 428 ნახვა

ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. 

პრემიერის განმარტებით, პროექტის გამო ჩვენ კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, იმისთვის რომ ხაზარაძეს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა, თუმცა მან ვერცერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა და ეს ყველაფერი დაადგინა სათანადოდ არბიტრაჟმა.

„ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. თქვენ იცით, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს, იმისთვის რომ მოეზიდათ ინვესტორები. მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე გადავადებაც მოხდა. ხაზარაძემ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა, ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და შემდეგ იქით უჩივლა სახელმწიფოს ამასთან დაკავშირებით.

 

სახელმწიფოსგან ითხოვდა მილიონებს იმ ვითომ მიყენებული ზიანისთვის, რომელიც მან თითქოს მიიღო სახელმწიფოსგან. არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ამ პროექტის გამო ჩვენ კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, იმისთვის რომ ხაზარაძეს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა, თუმცა მან ვერცერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა და ეს ყველაფერი დაადგინა სათანადოდ არბიტრაჟმა“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ამ კუთხით, ანაკლიის პროექტში ჩინური კომპანიის მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„ხაზარაძე როდესაც საუბრობდა ჩინელი ინვესტორების მოზიდვაზე ანაკლიის პროექტისთვის, მე მაშინ არ მახსენდება ასეთი განცხადებები. რაც შეეხება ჩვენს ხედვას – ჩვენი ხედვა არის ის, რომ საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის. იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს ფუნქცია მაქსიმალურად აღიდგინოს, რომ გაძლიერდეს ჩვენი ფუნქცია შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური თანამშრომლობა, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ კუთხით, ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინურ ტვირთებზე იქნება ძირითადად დამოკიდებული ამ პორტის ეფექტიანი ფუნქციონირება“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში