წინა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აირიდა ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო - ღარიბაშვილი

08 აგვისტო 2024, 13:08 324 ნახვა
 

ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აირიდა ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო და არავითარი მცდელობა არ ჰქონდა იმისა, რომ ეს ომი თავიდან აცილებულიყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, ისინი „ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე“.

„აგვისტოს ომის საშინელი ტრაგედიიდან 16 წელი გავიდა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი დაღუპული გმირების, ჯარისკაცების, პოლიციელების ნათელ ხსოვნას. ჩვენ კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს, მთელს ქვეყანას. ამ ომმა ჩვენს ქვეყანას საშინელი შედეგები მოუტანა. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განათავსა. დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი, წინა ხელისუფლებამ აბსოლუტურად მოღალატეობრივად, უბრძოლველად ჩააბარა კოდორის ხეობა. ომის შედეგად დავკარგეთ 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აირიდა ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო და არავითარი მცდელობა არ ჰქონდა იმისა, რომ ეს ომი თავიდან აცილებულიყო. ამის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. აქვე მინდა ერთი რამ ვთქვა, ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს და ქვეყანას მოუტანოს, ეს არის სწორედ ომი, საკუთარი, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა. იმ ტერიტორიების, რომელიც ჩვენ არ მოგვიპოვებია, ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. როცა ამ ტერიტორიებს შენი უგუნურებით, ღალატით თუ გამყიდველობით აბარებ უცხო, ოკუპანტ ქვეყანას, ეს რა თქმა უნდა, არის ღალატი. ამას სჭირდება შესაბამისი შეფასებაც. ქართველმა ხალხმა ამას უკვე გასცა პასუხი 2012 წლის არჩევნებზე. კითხვები მაქვს, რაც საჯაროდაც დამისვამს, თუ როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება, როგორ მოხდა ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლების ჩაბარება, ათასობით დევნილის მიღება საკუთარ მიწა-წყალზე, ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, წინა ხელისუფლებამ ომიდან რამდენიმე თვეში ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები და აქტივები ოკუპანტ ქვეყანა რუსეთს გადასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში