„ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრა

22 აგვისტო 2024, 11:50 335 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრები მცხეთიდან დაიწყო. რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა, ,,ქართული ოცნების'' საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

მმართველი პარტიის ლიდერებმა ამომრჩევლებს არჩევნებზე მხარდაჭერისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ წინასწარი გათვლებით 60 %-იანი რეიტინგი აქვთ და „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული დემოკრატიისთვის და ამ არჩევნებისთვის ყველას მონაწილეობა არის პრინციპული. 

მისი თქმით, ქვეყნის მოქალაქეები აკეთებენ არჩევანს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის, სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის.

სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი და ამ მიმართულებით საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

მისი განცხადებით, რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს მმართველი პარტია 26 ოქტომბერს, მით უფრო განმტკიცდება მშვიდობა და ნაკლები დაბრკოლება შეექმნება ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში