„ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა - პრემიერი

23 აგვისტო 2024, 11:33 308 ნახვა

„ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძის განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საქმე ეხება ომსა და მშვიდობას.

„ეს არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. რა თქმა უნდა, აქამდე ყველა საპარლამენტო არჩევნები და არა მარტო საპარლამენტო, ყველა არჩევნები იყო ერთმანეთზე პრინციპული, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, ამ არჩევნებს აქვს ზუსტად ისეთივე დატვირთვა, როგორი დატვირთვაც ჰქონდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საქმე ეხება ომსა და მშვიდობას, საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს სწორედ მშვიდობის სასარგებლოდ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში შევძლებთ, საბოლოოდ გადავჭრათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული პრობლემა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციად ყოფნის პირობებში, ქვეყანაში დემოკრატიული, პოლიტიკური სისტემა ვერ ვითარდება, ქვეყანა არის მუდმივი რისკის ქვეშ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციას წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, აგენტურა.

 

აქედან გამომდინარე, გვჭირდება ჩვენი სისტემის თვისობრივი გაჯანსაღება და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ იმით, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც უნდა დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები. საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება საუკეთესო საფუძველი იმისათვის, რომ ეს პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და წარმატებით დასრულდეს. „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის ვარაუდით, მომავალ პარლამენტში მხოლოდ ორი სუბიექტი შევა, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს.

პრემიერს ოპოზიციის გაერთიანების სტრატეგიაზე და ხელისუფლებასთან ერთიანი ცენტრებით დაპირისპირებაზე დაუსვეს კითხვა.

როგორც პრემიერმა თქვა, ასეთი გაერთიანებების რეალური მიზეზი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არცერთ პოლიტიკურ პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ აქვს.

„რეალური მიზეზი არის ის, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას, „ნაცმოძრაობის“ გარდა, „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა, დაახლოებით 10% რეიტინგი, ორი თვის წინ როცა გაიზომა სოციოლოგიური კვლევით ეს ყველაფერი, არცერთ სხვა პარტიას არ ჰქონდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი და სწორედ ამას უკავშირდება ის გაერთიანების მცდელობები, რასაც ვხედავთ. თუმცა მე საერთო ჯამში, მაინც მგონია, რომ მხოლოდ ორი სუბიექტი შევა მომავალ პარლამენტში. ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ეს იქნება ერთ-ერთი ოპოზიციურ გაერთიანება, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს. საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები.

ასეც და ისეც, ჩემთვის ეს არ არის მაინცდამაინც საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მომდევნო მოწვევის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სატელიტებით და თავისი მემკვიდრე პარტიებით. შესაბამისად, ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს თავიდან იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს ჯერ 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და შემდგომ 12 წლის განმავლობაში, როცა იყვნენ უკვე ოპოზიციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, არ შეიძლება საქართველოში არჩევნები უცხოური ფულით ფინანსდებოდეს, არ შეძლება უცხოური ფული ქართულ საარჩევნო კამპანიაში ასეთი პირდაპირი და უხეში ფორმით იყოს ჩართული.

ირაკლი კობახიძის განმარტებით,  ეს არის უცხოური ჩარევა საარჩევნო პროცესებში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო სუვერენიტეტის და საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო პრინციპებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში