26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა იმდენად მძლავრად უნდა თქვას, რომ ირჩევს მშვიდობას და არა ომს, ოჯახურ ღირებულებებს და არა ლგბტ პროპაგანდას, სარწმუნოების პატივისცემას და არა ეკლესიის გმობას -

25 აგვისტო 2024, 19:30 318 ნახვა

ასეთი ხილული, ხელშესახები და მასშტაბური არასდროს ყოფილა ბოროტება. სწორედ, ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გარდამტეხი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვმართებს სიმტკიცე და უკომპრომისობა, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ყველას მეგობრებსაც და მტრებსაც აჩვენოს, თუ რას ირჩევს და რომელ მხარეს დგას.

„მოგესალმებით საქართველოს ამ ულამაზეს, ზღაპრულ კუთხეში, რომელიც საქართველოს ნამდვილი მშვენებაა არა მარტო თავისი განუმეორებელი ბუნებით, არამედ მისი მშვიდობიანი, სტუმართმოყვარე და მოსიყვარულე ხალხით. საქართველოს ამ მხარეში თავს იყრის რაჭველების, ლეჩხუმელებისა და სვანების ყოფა-ცხოვრების თვითმყოფადი ხასიათი, რომლებიც ამდიდრებენ და ავსებენ ერთმანეთს. ჩვენი გზა არასდროს ყოფილა უკან დახევა, თავის დაზოგვა და განზე დგომა. ქართველებმა ეს დავამტკიცეთ ათასწლეულების განმავლობაში და ვამტკიცებთ დღესაც. ჩვენ ვიცით მეგობრობა და ძმობა, ვიცით ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა. მაგრამ ჩვენს ხანგრძლივ ისტორიაში ისიც გვინახავს, რომ ზოგს ჩვენი სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგება ჰგონებია, მეგობრობა კი – მორჩილება. ბევრს მოუსურვებია ჩვენი მართვა პიტიახშებით, მარზპანებით, მთავარმართებლებით თუ მეორე მდივნებით.

დღესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთმა, ვინც ოჯახში მეგობრად მივიღეთ, ჩვენი ცხოვრების მართვა და განკარგვა მოინდომა. ვინც კი ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავი ლამის ჩვენზე დიდ ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება. ამას არაფერი აქვს საერთო არც მეგობრობასთან, არც დემოკრატიასთან და არც ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემასთან. ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი, რომელზეც ქართველმა ხალხმა იმდენად მძლავრად უნდა თქვას, რომ ირჩევს მშვიდობას და არა ომს, ოჯახურ ღირებულებებს და არა ლგბტ პროპაგანდას, სარწმუნოების პატივისცემას და არა ეკლესიის გმობას, რომ ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის სახელით საუბარი. ამის მთავარი გარანტია „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაა.

დღეს, როცა სამყარო თითქოს გადაირია, ყველა ქართულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე წუხან და ფიქრობენ, უნდათ, რომ ხვალინდელი დღე ნათელი და მშვიდობიანი იყოს, რომ მათმა შვილებმა გააგრძელონ წინაპართა ტრადიციები და კვლავაც დაიცვან ქართული კულტურა, ენა, სარწმუნოება. სამწუხაროდ, ეს წუხილი არაა უსაფუძვლო. საფრთხე მართლაც დიდია, და ის ყოველდღიურად სულ უფრო შეუნიღბავი და თვალსაჩინო ხდება. თვალსაჩინოა, რა ფინანსური და ადამიანური რესურსი იხარჯება რწმენის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორი გააფთრებით ებრძვიან ეკლესიას.

ხელის გულზე დევს მცდელობა სხვადასხვა სახელითა თუ იდეოლოგიით შეფუთონ საკუთარი მიზანი, რომ ოჯახს და ადამიანს დაუკარგონ მნიშვნელობა, სახელმწიფოებრიობას საყრდენი გამოაცალონ. მუხას ფესვები მოაჭრან და მუმლი შეუსიონ. უსამშობლო, ფესვების არმქონე, ცარიელი ადამიანის კონტროლი ხომ მარტივია?! ვინაიდან, სწორედ ამ დროს იწყება ნამდვილი მორჩილება.ასეთი ხილული, ხელშესახები და მასშტაბური არასდროს ყოფილა ბოროტება. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გარდამტეხი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვმართებს სიმტკიცე და უკომპრომისობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მეგობრებსაც და მტრებსაც, რას ვირჩევთ, რომელ მხარეს ვდგავართ:

ვინარჩუნებთ ჩვენს ათასწლეულობით ჩამოყალიბებულ იდენტობას, თუ ვითქვიფებით სხვათა ცხოვრების წესში? ვზრდით ჩვენს ვაჟებს კაცებად და ქალიშვილებს ქალებად, თუ ისე ვაბნევთ, რომ საკუთარ სქესშიც კი ვეღარ გაერკვნენ? ვიცავთ ჩვენი ხალხის ინტერესებს, როგორც ეს ომში არშეყოლით გავაკეთეთ, თუ წითელ ხალიჩაზე და ფოჩიან კანფეტებზე ვიყიდებით, როგორც ამას ოპოზიცია აკეთებს? ვირჩევთ მამულს, ენას, სარწმუნოებას, თუ ვირჩევთ დესამშობლოიზაციას, როგორც ამას ოპოზიციის პირით გვითვლიან? ვლოცულობთ ჩვენს სალოცავებში, თუ ვაღმერთებთ სხვათა კერპებს? ვიფიცებთ ჩვენს დროშაზე, თუ სხვის დროშას ვაფრიალებთ?

მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მჯერა, რომ ჩვენი შვილები სწორედ ისეთ საქართველოში იცხოვრებენ, როგორზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ, რადგან ასეთია კანონზომიერება – ბოროტს ყოველთვის დაძლევს კეთილი. მაგრამ ბოროტის ძლევა თავისით არასდროს მოდის. კეთილის გამარჯვებას ბრძოლა სჭირდება და დღეს ეს ბრძოლა 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადის. 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა დავდგეთ და საქართველოს სათქმელი ყველას გასაგონად ვთქვათ: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, შეგვეწიოს ჩვენი სალოცავები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში