საქართველოში აგენტურას აქვს აღებული მონოპოლია ოპოზიციონერობაზე, რაც უნდა დამთავრდეს და ქართული პოლიტიკა გაჯანსაღების გზას დაადგეს - მამუკა მდინარაძე

31 აგვისტო 2024, 18:48 328 ნახვა

ურთულესია იმ გზაზე სიარული, სადაც თანაბრად უნდა უზრუნველყო ქვეყნის სუვერენიტეტი, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის დაცვა, დეოკუპაციის და შერიგების გზაზე უშეცდომო სვლა, ეკონომიკის შეუქცევადი განვითარება, ადამიანის უფლებების სრული დაცვა, მშვიდობა, პროგრესი, ქვეყნის ევროინტეგრაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ოზურგეთში, განაცხადა.

„მივესალმები გურიას, ჩვენს უძვირფასეს საზოგადოებას, განსაკუთრებით მივესალმები ოზურგეთს, ჩოხატაურს და კიდევ უფრო განსაკუთრებით ლანჩხუთს, ლანჩხუთელები კიდევ უფრო კარგად გამიგებენ. თუმცა, ყველანი თანაბრად კარგად გაგვიგებთ, იმიტომ, რომ გურიაში ჩვენი მხარდაჭერა უპრეცედენტოა. გურულების სიყვარული, ჩვენი სამშობლოს მიმართ, განსაკუთრებულია, ისევე როგორც სხვა მხარის წარმომადგენლების. გურიაში ვდგავართ განსაკუთრებული ამოცანის წინაშე.

 

როგორ გინდა, გურულებს მშვიდობის მნიშვნელობაზე ესაუბრო და აუხსნა ეს ყველაფერი?თუმცა, სალაპარაკო სხვა არის ძალიან ბევრი და მშვიდობასთან ერთად, ბრძოლით გასატანი სხვა საკითხებიც ბევრი გვაქვს. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია და ამაზე ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე, რომ დღეს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა და ამ თემაზე უკვე ვეღარც გვეკამათებიან, მაგრამ ცდილობენ, მისი მნიშვნელობა დააკნინონ. სინამდვილეში, ის, რაც ვერ მოახერხა ვერცერთმა დამპყრობელმა საქართველოში, რომ გადაეშენებინა ქართველი ერი, შეიძლება სულ რამდენიმე თაობაში მოახერხონ ამ გზით და ამიტომ, ამას განსაკუთრებულად უნდა აღვუდგეთ წინ. ვერ დავაცდენინეთ ჩვენს ოპონენტებს რომ ეს ცუდია, აიგნორებენ ამ საკითხს იმიტომ, რომ შიგნით ხალხის, თქვენი ეშინიათ და გარეთ – მათი პატრონების“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, დღეს საქართველოში აგენტურას აქვს აღებული მონოპოლია ოპოზიციონერობაზე, რაც უნდა დამთავრდეს და ქართული პოლიტიკა გაჯანსაღების გზას დაადგეს.

„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში აგენტურას აქვს აღებული მონოპოლია ოპოზიციონერობაზე, რაც უნდა დამთავრდეს და ქართული პოლიტიკა გაჯანსაღების გზას დაადგეს. ამიტომ ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას! თავის მხრივ, ოპოზიციას წარმატების თეორიული შანსი რომ არ აქვს, ეს ყველამ კარგად იცის და იმის იმედად არის დარჩენილი, ვინ რა მაშველ რგოლს გადმოუგდებს ქვეყნის გარედან. თუმცა, ნებისმიერი მსგავსი მოქმედება, ეს იქნება ერთი მხრივ, მათი აგენტობის დამამტკიცებელი კიდევ ერთი მტკიცებულება დამატებითი, მეორე მხრივ კი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა. ამას, ჩვენ, არც გურულები და არც ქართველები არ გავატარებთ – ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​მდინარაძის განცხადებით, უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია გვინდა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და არა რომელიმეს ხარჯზე ან სანაცვლოდ.

„ურთულესია იმ გზაზე სიარული, სადაც თანაბრად უნდა უზრუნველყო ქვეყნის სუვერენიტეტი, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის დაცვა, დეოკუპაციის და შერიგების გზაზე უშეცდომო სვლა, ეკონომიკის შეუქცევადი განვითარება, ადამიანის უფლებების სრული დაცვა, მშვიდობა, პროგრესი, ქვეყნის ევროინტეგრაცია. ცალკე აღებული, რომელიმე ამ მიმართულების უზრუნველყოფა, შეიძლება, შედარებით რა თქმა უნდა, ადვილიც კი იყოს, ან ერთის ხარჯზე მეორე უფრო ადვილად გამოგვივიდეს. ეს ყველაფერი ერთად კი, ურთულესი აღსასრულებელია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ ყველამ ერთად. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს, რაც შეიძლება მალე, ურთიერთპატიებით, შერიგებით და სიყვარულით და როდესაც ვლაპარაკობთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე, უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია გვინდა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და არა რომელიმეს ხარჯზე ან სანაცვლოდ. 26 ოქტომბერს, არა მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ”, არამედ საქართველომ უნდა გაიმარჯვოს მის მოწინააღმდეგეებზე, ამიტომ, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, მეგობერო, გაუმარჯოს! ჩვენს ბევრ გამარჯვებას გაუმარჯოს!”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში