26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის - ირაკლი კობახიძე

31 აგვისტო 2024, 18:56 343 ნახვა

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველო უკვე მეცხრედ აირჩევს მშვიდობის პარტიას, „ქართულ ოცნებას“, რაც მორიგ ჯერზე საქართველოს მშვიდობიანი და სწრაფი განვითარების გარანტია გახდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქვეყანას ცხრა წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა.

„გურულებთან არჩევნებზე და პოლიტიკაზე საუბარი ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. და ყველამ ვიცით, რომ არავის ისე კარგად არ ესმის პოლიტიკა, როგორც თქვენ, გურულებს და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად გვეამაყება, რომ გურიაში „ქართული ოცნება“ ყოველთვის დიდი უპირატესობით და დამაჯერებლად იგებს ხოლმე არჩევნებს! დიდი მადლობა თქვენ მრავალწლიანი ნდობისთვის! სწორედ ამ ნდობამ მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების და ქვეყნის წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა 12 წლის მანძილზე. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერსაც ერთად გავიმარჯვებთ!

 

კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ის, რაც არაერთგზის ითქვა. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, მორალურ დაცემასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. საქართველოს ჭირდება დამოუკიდებლობა, ხოლო დამოუკიდებელ საქართველოს – სუვერენული ხელისუფლება. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ განვითარდა საქართველოში პროცესები, როდესაც 2003 წელს, „ენჯეოების“ მეშვეობით, ხელისუფლება გარედან დაგვინიშნეს.

 

ქვეყანას ცხრა წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს დანაშაულები იყო ავტორიტარიზმის დამყარება, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების დროებით დაკარგვა. სამწუხაროდ, ამ დანაშაულებზე დღემდე არ აუღიათ პასუხისმგებლობა იმ გარე ძალებს, რომლებმაც 2003 წელს ძალაუფლება უცხოურ აგენტურას ჩააბარეს. და ახლა, იგივე ძალები გვეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში ეს ანტიევროპული პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა დაბრუნდება. ვინც ერთმანეთთან აიგივებს ევროპას და ადამიანების მკვლელობას, ევროპას და ადამიანების წამებას, ევროპას და ბიზნესის რეკეტს, ევროპას და ტელევიზიების მიტაცებას, ევროპას და არჩევნების გაყალბებას, ევროპას და ომს, მათ არაფერი აქვთ საერთო სინამდვილეში ევროპასთან, ყველა არის ომის პარტიის წარმომადგენელი და მათ ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს აუცილებლად საკადრის პასუხს გასცემს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ჭირდება არა ომი, არამედ მშვიდობა, არა განადგურება, არამედ წინსვლა და განვითარება.

„რთული გამოსაცნობი არაა, რატომ შეიძლება სურდეთ კონკრეტულ ძალებს ხელისუფლებაში ძველი რეჟიმის დაბრუნება. ისევ და ისევ, ყველა იმ დანაშაულისთვის რაც ჩამოვთვალე და რაც მთავარია ომისთვის, რისკენაც რადიკალური ოპოზიცია უკვე მესამე წელია ქვეყანას აქტიურად ექაჩება.

 

საქართველოს ჭირდება არა ომი, არამედ მშვიდობა, არა განადგურება, არამედ წინსვლა და განვითარება. ძალიან მოკლედ ჩამოვთვლი იმ მიღწევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ მოუტანა: დასრულდა ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა; გათავისუფლდა ბიზნესი და მედია; 2,5-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი; 3-ჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი; 3-ჯერ გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა; 3-ჯერ გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარების პაკეტი; ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები; 700 ათასამდე მოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს.

 

ამ ყველაფერთან ერთად, შევინარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ყველაფერი მოიტანა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ყველაფრისთვის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას წარუდგენს ახალ საარჩევნო პროგრამას, რომელიც იქნება ერთდროულად ამბიციურიც და განხორციელებადი.

„საქართველოს წინსვლა და განვითარება უნდა გაგრძელდეს. პირველ ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას. ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც იქნება, ერთდროულად, ამბიციურიც და განხორციელებადიც. ჩვენი საარჩევნო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს წინსვლა ყველა მიმართულებით – ეკონომიკური ზრდით დაწყებული, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით დამთავრებული.

 

აქვე, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ყოველგვარი განვითარება შეუძლებელია, თუ არ გვექნება მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში. და გურულებმა ყველაზე კარგად იცით მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. მე დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს გურია და სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მეცხრედ აირჩევს მშვიდობის პარტიას, აირჩევს „ქართულ ოცნებას“, რაც მორიგ ჯერზე საქართველოს მშვიდობიანი და სწრაფი განვითარების გარანტია გახდება. 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში