„სამართლიანი არჩევნები“ მთელი რესურსით მობილიზებულია, რომ მმართველი გუნდის დისკრედიტაცია მოახდინოს - მიქანაძე

05 სექტემბერი 2024, 11:38 322 ნახვა
 
გვსურს, გამოვეხმაუროთ სრულიად აბსურდულ და უსაფუძვლო შეფასებებს, რაც ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გუშინ საზოგადოებას წარუდგინა თავის არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
 
მისივე შეფასებით, ანგარიშში საუბარია ქვეყანაში ძლიერი პოლარიზაციის პირობებზე. ეს დასკვნა განსაკუთრებით გასაოცარია, იმ ფონზე, როცა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ღიად აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, თითქოს საპარლამენტო არჩევნები არის არჩევანი ევროპასა და არაევროპას შორის.

"ამგვარი ცრუ კამპანიის მიზანი სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების პოლარიზება. თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაციების ამ კამპანიაზე არაფერია ნახსენები. „სამართლიანი არჩევნები“ შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რაც მისი აზრით აზიანებს საარჩევნო პროცესს. ანგარიშის ავტორებს უნდა შევახსენოთ, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობები კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს. ყველა ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში გათვალისწინებულია პარტიების აკრძალვა მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამის დასტურია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ვციტირებ, „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“ ამასთანავე, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება აკრძალონ პოლიტიკური პარტიები, თუკი ისინი იყენებენ ძალადობრივ ქმედებებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და/ან ძირს უთხრიან ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს. დღეისათვის ევროპის საბჭოს 20 სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის 150-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ანგარიშში ნახსენებია, თითქოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა ცალკეული ძალადობის შემცველი ქმედებების გამოსაძიებლად, რაც სიცრუეა....

 

სამართლიანი არჩევნების“ მიერ გაკეთებული განცხადება მანიპულაციური ხასიათისაა, რადგან ისინი ამაზე მიუთითებენ ახლა, მაშინ როდესაც წილისყრის გარკვეული პროცედურების გამართვა ისედაც კენჭისყრის დღემდე მე-7 დღეს იყო გათვალისწინებული, რაც ჯერ კიდევ 2023 წელს გამართულ რიგგარეშე/შუალედური არჩევნების დროს უკვე მოქმედებდა და არცერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლია საარჩევნო პროცესისთვის. ამასთანავე, ცესკოს ამ დადგენილებას მხარი დაუჭირა მაღალმა ქვორუმმა (12 ხმით იქნა მიღებული, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის 4-მა წევრმა მისცა ამ დადგენილებას ხმა), რასაც ცესკოს 21 აგვისტოს ოფიციალური განცხადება ეხმიანება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ყველანაირ სერიოზულობის ზღვარს სცდება, უკვე წლების განმავლობაში გაკეთებული აბსურდული დასკვნა ყოველწლიურად აგვისტოში ბეშუმობის დროს ახლად დაქორწინებული წყვილისთვის ბეჭდის სიმბოლურად გადაცემის ტრადიციის, როგორც საარჩევნო მოსყიდვის აღნიშვნა.

ამათან, მიქანაძის თქმით, საჯარო სექტორში ანაზღაურებადი სტაჟირების საარჩევნოდ მოტივირებული სახელმწიფო ინიციატივების ჭრილში მოხსენიება სხვა არაფერია, თუ არა ამ მნიშვნელოვანი პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა.

„სამართლიანი არჩევნების“ მორიგი უსაფუძვლო განცხადება, ხსენებული დაფინანსების საარჩევნოდ მოტივირებულ პროგრამად გასაღების მიზნით, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ ორგანიზაციის სუბიექტურობასა და მის რეალურ მიზნებს. საჯარო სექტორში ანაზღაურებადი სტაჟირების საარჩევნოდ მოტივირებული სახელმწიფო ინიციატივების ჭრილში მოხსენიება სხვა არაფერია, თუ არა ამ მნიშვნელოვანი პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა. საზოგადოებას ახსოვს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჯერ კიდევ 2022 წელს, გაზაფხულზე დაინიცირდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები ოფიციალური სტაჟირების გაჩენასთან, ხოლო 2023 წელს სტაჟიორებისთვის ანაზღაურების მიცემასთან დაკავშირებით, რაც წარმატებით განხორციელდა.

 

კანონმდებლობის ამ ნაწილში დახვეწისა და სრულყოფის მიზნით 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზეც იქნა დამატებითი ცვლილებები შეტანილი. შესაბამისად, კონკურსი სტაჟიორების მისაღებად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კანონმდებლობა სრულყოფილ იქნა. ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებულ ამ კეთილშობილური პროცესის დაჩრდილვისა და წინასაარჩევნო სტრატეგიად გასაღების მცდელობა, მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიანი ხრიკია"- განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნები“ დიდი ხანია, გასცდა ნეიტრალურობას.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში